ათენის ცენტრში ადამიანებით ვაჭრობისა და ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
ათენის ცენტრში ადამიანებით ვაჭრობისა და ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. პოლიციელთან ერთად დააკავეს უცხოეთის მოქალაქე 23 წლის ქალიც, რომელსაც ანალოგიურად ბრალი ედება ადამიანებით ვაჭრობაში და დოკუმენტების გაყალბებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი დააკავეს ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, ათენის ცენტრში, რომლის მიმართაც საქმე აღიძრა ადამიანებით ვაჭრობის, ნარკომანიის, კონფიდენციალურობის კანონის დარღვევის, სამსახურეობრივი გადაცდომის და იარაღის უკანონოდ ფლობის შესახებ.
კერძოდ, გამთენიისას, პოლიციის თანამშრომლებმა ათენის ერთ-ერთ რაიონში მანქანით მოძრავი პოლიციელი სხვა პირებთან ერთად შენიშნეს და გააჩერეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მისი კუთვნილი დანა, პისტოლეტი და 16 ვაზნა.
ამის შემდეგ, დაკავებული გადაიყვანეს ათენის უშიშროების ქვედანაყოფის შტაბ-ბინაში, სადაც აღმოაჩინეს დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის დანაშაულს ადამიანებით ვაჭრობის, ნარკორეალიზაციის და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ფაქტებზე.
მის სახლში ჩატარებული შემდგომი ჩხრეკისას ბინაში მყოფი მისი თანამზრახველი 23 წლის ქალიც დააკავეს, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი პირადობის მოწმობები, იარაღის ვაზნები, მობილური ტელეფონები და სხვა.
აღნიშნულია, რომ ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დისციპლინური გადაცდომების აღმოსაჩენად.
