აია სოფიას დანგრევის საფრთხე ემუქრება- თურქი მეცნიერი შეშფოთებას გამოთქვამს
თურქმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა ილბერ ორთაილიმ ერთ- ერთ სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას სერიოზული შეშფოთება გამოთქვა კონსტანტინოპოლში აია სოფიას დანგრევის რისკის გამო, რაც გამოწვეულია როგორც მან აღნიშნა, ვიზიტორთა სიმრავლით და ტაძრის დაზიანებით.
“რა თქმა უნდა გონივრული გადაწყვეტილებაა, რომ აია სოფია დაიხუროს და ჩატარდეს მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები, თუ ასე არ მოხდება ტაძარი ჩამოინგრევა”- ამბობს ის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აკადემიკოსი ორთაილი ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შედეგად მიყენებულ ზიანზე საუბრობს და საჭიროდ მიიჩნევს მის დახურვას სარესტავრაციო სამუშაოებისთვის.
როგორც ის აღნიშნავს, ტაძრის მიწისქვეშა ნაგებობები, კონსტრუქციები რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ნაკადის დინებას, ტენიანობა, ვენტილაციის სისტემა არც თუ ისე მდგრადია მრავალრიცხოვანი ვიზიტორების ყოფნის მიმართ, რომელთა შორის მხოლოდ მომლოცველების რაოდენობა სამ მილიონს აღწევს ყოველწლიურად, მაშინ როდესაც ძგლის გამძლეობისთვის წელიწადში 20-30 ათასი ვიზიტორიც კი შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს.
აღნიშნულ საფრთხესთან დაკავშირებით გაზრდილი შეშფოთების ფონზე თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის, მეჰმედ ნური ერსოის მიერ სტამბოლის მნიშვნელოვანი ისტორიული ძგლების აღდგენის კონტექსტში, აია სოფიას სტაბილურობის გაძლიერების პროექტი დამტკიცდა.
შესაბამისი კომიტეტის მიერ დამტკიცებული აღდგენის გეგმის მიხედვით, პირველ რიგში მოხდება ტაძრის ცემენტის საფარის გაწმენდა, გუმბათებზე დაძველებული ტყვიის ზედაპირების მოცილება, შემდეგ კი გუმბათების ქვეშ არსებული ბზარებისა და ნაპრალების შეკეთება.