ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუნძულ ანტიპაროსზე იმყოფება
საბერძნეთის კუნძულ ანტიპაროსზე, ჰოლივუდის მსახიობი ტომ ჰენკსი საკუთარ ვილაში, რომელიც მან კუნძულზე შეიძინა, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას და მის მეუღლეს მასპინძლობს. ყოფილი პრეზიდენტი და ჰოლივუდის მსახიობი დიდი ხანია რაც ოჯახებით მეგობრობენ.
ობამების წყვილი უხმაუროდ და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ინკოგნიტოდ ჩავიდა კუნძულზე.
გასულ პარასკევს შუადღისას, პაროს-ანტიპაროს ხაზზე მცურავი ბორნით, უკიდურესი საიდუმლოებით და სულ მცირე 30 ამერიკელი აგენტის თანხლებით, ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე პაროსიდან ანტიპაროს მიმართულებით დღის 3 საათზე, ტურისტებისგან შეუმჩნევლად გაემართნენ.
ერთადერთი, ვინც იცოდა, ვინ იყვნენ VIP მგზავრები ბორანზე, იყვნენ კაპიტანი და პოლიციელები, რომლებიც მათ თან ახლდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე წყვილი, ობამა და ჰენკსი, წუხელ ნაუსაში მდებარე ზღვის პროდუქტების რესტორანს ესტუმრნენ. VIP სტუმრები რესტორნის განცალკევებულ მაგიდასთან ისხდნენ. თანამშრომლებს, რომლებიც მათ ემსახურებოდნენ, ყოფილი პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მოსთხოვეს დაეტოვებინათ მობილური ტელეფონები და „ჭკვიანი“ საათები ყუთში.
რესტორნის მფლობელი, რომელსაც პრესა ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა, აცხადებს, რომ მან ხელი მოაწერა კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას, რაც უზრუნველყოფს პირობას, რომ ჰენკსისა და ობამას წყვილის მის რესტორანში ვიზიტთან დაკავშირებით ფოტო ან სხვა სახის ინფორმაცია არ გაჟონავს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მიზნით კიდევ სამ სხვა ტავერნაში მოხდა ადგილის დაჯავშნა.
გუშინ ადრე, ოთხივე მათგანმა კერძო ნავით ანტიპაროს იზოლირებული პლაჟებისკენ გაცურეს.
საპატიო სტუმრები ანტიპაროსში სამშაბათს, 20 ივნისამდე დარჩებიან, შემდეგ კი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სტავროს ნიარხოს ფონდის პრეზიდენტთან, ანდრეას დრაკოპულოსთან ერთად დაესწრება SNF Nostos კონფერენციას, სადაც ის განიხილავს დემოკრატიის გაძლიერების გზებს და ამ გზაზე მომავალი თაობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.