ახალგაზრდა უკრაინელმა ამერიკელი წყვილი მოკლა, რომლებმაც ის ბავშვთა სახლიდან იშვილეს
დიმა თაუერი, რომელმაც ბავშვობაში დედა დაკარგა, ხოლო ალკოჰოლიკმა მამამ მიატოვა, მკვლელობის შემდეგ მშვილებლების მიერ მისთვის ნაყიდი მანქანით გაიქცა და დაახლოებით რვა საათის განმავლობაში იმალებოდა პატარა ტყეში, სანამ აღმოაჩინეს და დააკავეს.
New York Post-ის ცნობით, ჩრდილოეთ ფალკში, ფლორიდაში, შუაღამისას პოლიციაში დარეკა წყვილის მეზობელმა, რომელმაც გაიგო ქალის ყვირილი, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
წყვილის სახლში მისულმა პოლიციის ოფიცრებმა დაინახეს, რომ ეჭვმიტანილი მანქანის საბარგულს ხურავდა და უბრძანეს, რომ გაჩერებულიყო. მან დააიგნორა მათი მოთხოვნა, ჩაჯდა მანქანაში და სწრაფად გაიქცა. მას შემდეგ, რაც მან პოლიციისგან თავის დაღწევა მოახერხა, მიატოვა მანქანა და მიიმალა ტყეში, სანამ ხელისუფლებამ ის შაბათს დილის 8 საათზე არ აღმოაჩინა.
შემზარავი იყო ის სანახაობა, რომელსაც პოლიცია შეესწრო იმ წყვილის სახლში, რომელიც 14 წლის ასაკიდან თავდაუზოგავი სიყვარულით ზრუნავდა ახალგაზრდაზე. რობი და ჯენიფერ თაუერები გარდაცვლილები იწვნენ სისხლით გაჟღენთილ მისაღებში, მათი სხეულები ისე იყო განლაგებული, რომ თავებით ერთმანეთს ეხებოდნენ.
„ორივე ძალიან კარგი, მოსიყვარულე ადამიანი იყო. ისინი იყვნენ ერთადერთი ადამიანები ბიჭის ცხოვრებაში, ვინც ცდილობდა მის დახმარებას. ისინი მას ისე ექცევიან, როგორც მათ ბიოლოგიურ შვილს,“ – განუცხადა New York Post-ს რობი თაუერის ბიძამ.
წყვილმა შვილების გაჩენა ვერ შეძლო, დიმა 14 წლის ასაკში იშვილეს უკრაინის ბავშვთა სახლიდან. „ბავშვთა სახლში რომ ცხოვრობდა, სხეული სისხლჩაქცევებით ჰქონდა სავსე. იყო ძალიან გამხდარი, რადგან სათანადოდ არ იკვებებოდა. ეს ბავშვთა სახლები ბავშვების ციხეს ჰგავს“, – განუცხადა მოხუცმა გაზეთს.
თაუერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ აყვანილ შვილს შეეძლო დაევიწყებინა ტრავმული წარსული, თუ გარემოცული იქნებოდა თავდაუზოგავი სიყვარულითა და კეთილშობილებით. წყვილი ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოზარდი აშშ-ში მის ახალ გარემოს შეგუებოდა.
„როდესაც მას პირველად შევხვდი, მან კრივის მიმართ ინტერესი გამოიჩინა, მაგრამ სინამდვილეში მას არ აინტერესებდა სპორტი, მას მხოლოდ დარტყმა სურდა, ტკივილის მიყენება “, – აღნიშნავს რეინსი, საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელი.
მისი თქმით, ოჯახს ბოლო წლებში ჰქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ასევე იყო ძალადობის აფეთქებები ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან. სამი წლის წინ ბიჭის მამინაცვალი იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახა, როცა დიმა მას თავს დაესხა და თვალი დაუზიანა.
ხელისუფლება აგრძელებს მკვლელობის მოტივის გამოძიებას, რომელიც, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან მთელი სახლი სისხლის გუბით იყო დაფარული.