Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ბერლინის კედელმა 250-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბერლინის კედელმა 250-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

წელს ბერლინის კედლის აშენებიდან 64 წელი გავიდა.

1961 წლის 13 აგვისტოს, დაიწყო ბერლინში ავადსახსენებელი კედლის მშენებლობა. იმ პერიოდში ცივი ომი უკიდურესად გამწვავდა. სოციალისტურ და კაპიტალისტურ მხარეებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. აღმოსავლეთი გერმანიის მოსახლეობაში უკმაყოფილებამ იმატა და ხალხმა მასობრივად დაიწყო კაპიტალისტურ დასავლეთში გაქცევა. ეს კი, მხოლოდ ქალაქ ბერლინის აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადასვლით იყო შესაძლებელი. იქ კი, უკვე   გახსნილი იყო გზა თავისუფალი მსოფლიოსკენ.

1949-1961 წლებში ორ მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა გერმანიის დემოკრატიულირესპუბლიკიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიდა წამსვლელთა რიცხვი სულ მატულობდა. მოსახლეობის მასობრივი მიგრაციით შეშინებულმა, აღმოსავლეთი გერმანიის ლიდერებმა მაქსიმალურად გაამკაცრეს ბერლინის აღმოსავლეთიდან  დასავლეთში გადასვლის რეგულაციები. მაგრამ საქმეს მაინც არ ეშველა.

1961 წელს მოსახლეობაში ხმა დაირხა, კომუნისტები დასავლეთი ბერლინის კედლით შემორაგვას გეგმავენო. გერმანიის დედაქალაქის დასავლეთი ნაწილი მთლიანად საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ზონაში იყო მოქცეული და არ ჰქონდა სახმელეთო კავშირი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სხვა მიწებთან.

როცა ჟურნალისტმა  გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის თავკაცს, უოლტერ ულბრიხტს კედლის მშენებლობის თაობაზე ჰკითხა, მას წარბიც არ შეუხრია ისე უპასუხა, არავინ აპირებს კედლის აგებასო.  ულბრიხტის ნათქვამი ტყუილი გამოდგა. ორი თვეც არ იყო გასული, კედლის მშენებლობა რომ დაიწყო. კედლის აგების პირველივე დღიდან შეიღება აღნიშნული ბარიერი სისხლით. პირველი გარდაცვლილი 58 წლის ექთანი ინდა ზიგმანი იყო, რომელიც 1961 წლის 22 აგვისტოს დასავლეთ გერმანიაში გადასვლის მცდელობისთვის მოკლეს, სადაც მისი და ცხოვრობდა. მოკლულთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა: 24 წლის გიდერ ლიტფინი, 18 წლის პიტერ ფეხტერი, 10 და 13 წლის ბავშვები, რომლებსაც 1966 წელს 40-ჯერ ესროლეს.

წლების განმავლობაში მუდმივად ხდებოდა კედლის გამაგრება, რათა მისი გადალახვა შეუძლებელი ყოფილიყო. ბოლოს გერმანიის დედაქალაქის ერთი ნაწილი  155 კილომეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის ორი პარალელური კედლით აღმოჩნდა შემოფარგლული და ამ კედლების სიმაღლე  3,6 მეტრი იყო. ეს ციხე-სიმაგრე მავთულხლართებით, თხრილებითა და სამეთვალყურეო კოშკურებით იყო აღჭურვილი.

მიუხედავად ასეთი სერიოზული ბარიერისა, გაქცევის მსურველები მაინც საკმაოდ იყვნენ. 28 წლის განმავლობაში ბერლინის კედლის გადალახვა 100 000-მა კაცმა სცადა.  5 000 ადამიანი იღბლიანი გამოდგა და რკინის ფარდის მიღმა აღმოჩნდა. თუმცა,  მსხვერპლიც იყო. ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ  ბერლინის კედელმა 250-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

წლების განმავლობაში ბერლინის უსახური კედელი იყო ცივი ომის მეტყველი სიმბოლო.

როგორც ვნახეთ, ბერლინის კედლის მშენებლობა უოლტერ ულბრიხტის ტყუილით დაიწყო, ხოლო მისი დანგრევა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კიდევ ერთი ფუნქციონერის, გიუნტერ შაბოვსკის, ტყუილმა დააჩქარა.

1980-იან წლებში საგრძნობლად მოირყა სოციალისტური ბანაკის ფუნდამენტი. საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა, კომუნისტური სამყაროსთვის უჩვეულო რეფორმები წამოიწყო. ამ რეფორმებით შეშინებულმა, აღმოსავლეთი გერმანიის ხელისუფლებმა განსაკუთრებით გაამკაცრა, ისედაც დაუნდობელი, რეჟიმი. ბუნებრივია, ამას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.

1989 წლის 9 ნოემბერს პრესკონფერენციაზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტბიუროს ახალმა  სპიკერმა, გიუნტერ შაბოვსკიმ, რომელმაც ჟურნალისტებთან შესახვედრად მომზადება ვერ მოასწრო, განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდებოდა ბერლინის აღმოსავლეთი ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში შეუზღუდავი გადაადგილება. ეს რეფორმა მართლაც დაგეგმილი ჰქონდა ხელისუფლებას. კომუნისტური პარტიის ახალი ლიდერები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეცვალეს ძველი მთავრობა, ვარაუდობდნენ, რომ ამ ცვლილებით მოსახლეობის გულს მოიგებდნენ. ისინი აპირებდნენ, პარლამენტში შეეტანათ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გაითვალისწინებდა მოქალაქეებისთვის დასავლეთში მოგზაურობის უფლებას; ოღონდ, ამ უფლების მოსაპოვებლად უამრავი წინაპირობა იყო გათვალისწინებული (ვიზა, პასპორტი და სხვა), რაც საკმაოდ ართულებდა მოგზაურობის შესაძლებლობას. აღმოსავლეთი გერმანიის პარლამენტი მთავრობის ამ პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებდა და არავინ იცის, დაუჭერდნენ თუ არა მხარს პარლამენტარები ახალ კანონს.

პოლიტბიუროს სპიკერის განცხადებას უმალ მოჰყვა ჟურნალისტის კითხვა, თუ როდის უნდა შესულიყო ახალი რეგულაციები ძალაში. დაბნეულმა გიუნტერ გრაბოვსკიმ, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო შვებულებიდან და ბევრი არაფერი იცოდა მთავრობის გეგმების შესახებ, მცირე პაუზის შემდეგ განაცხადა, რომ ეს  დაუყოვნებლივ მოხდებოდა.

ამის თქმა იყო და აღმოსავლეთი ბერლინის ათიათასობით  მაცხოვრებელი დაიძრა სასაზღვრო გამშვები პუნქტებისკენ. ხალხის სიმრავლით შეშინებულმა და დაბნეულმა მესაზღვრეებმა, რომლებმაც მათსავით დაბნეული ოფიცრებისგან ვერ მიიღეს მკაფიო ინსტრუქციები, ვერ გაბედეს იარაღის გამოყენება და უფლება მისცეს ხალხს, დაუბრკოლებლად გადასულიყვნენ დასავლეთ ბერლინში.

ასე შეცვალა თუ დააჩქარა ისტორია ერთი ადამიანის პატარა შეცდომამ. მართალია, ადრე თუ გვიან ბერლინის კედელი დაინგრეოდა, გერმანია გამთლიანდებოდა და კომუნისტურ მარწუხებში გამომწყვდეული მილიონობით ადამიანი თავისუფლებას ეზიარებოდა, მაგრამ არავინ იცის ყველაფერ ამას, რამდენი დრო დასჭირდებოდა. მანამდე კი, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა შუა ქალაქში აღმართულ  კედელს.

ასე და ამგვარად, თავისდა უნებურად, გიუნტერ შაბოვსკი ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, ვინც დაანგრია ბერლინის კედელი და დააჩქარა გერმანიის გამთლიანება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *