ბერლინი: ლომი, რომელსაც პოლიცია ქალაქის ცენტრში ეძებდა, გარეული ღორი აღმოჩნდა
დასრულდა ბერლინის ცენტრში და მის შემოგარენში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 100 პოლიციელი, ვეტერინარი და მონადირე ვერტმფრენებით, თერმული კამერებით და სპეციალური ჯავშანმანქანის დახმარებით, რადგან ლომი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეშფოთებული ეძებდა, სინამდვილეში გარეული ღორი აღმოჩნდა.
”ვვარაუდობ, რომ ბერლინსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე არ არსებობს”, განაცხადა ბერლინის მერმა და ძიება დასრულებულად გამოაცხადა.
ამასთან, მან განმარტა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ღამით გადაღებული ვიდეოს გამოყენებით დაადგინეს, რომ „ეს სავარაუდოდ გარეული ღორია“.
ერთი დღით ადრე, შუაღამის შემდეგ, პოლიციამ ტერიტორიის მცხოვრებლებისგან მიიღო შეტყობინებები თან დართული ვიდეოკადრებით, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ნახეს ლომის მსგავსი ოთხფეხა ცხოველი, რომელიც ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა.
სამძებრო ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციამ ცხოველი ორჯერ შენიშნა, მაგრამ მასთან ახლოს მიახლოება ვერ მოხერხდა, მათ მოქალაქეებს მიმართეს არ გასულიყვნენ ქუჩებში და არ დაეტოვებინათ შინაური ცხოველები გარეთ.
ამ დრომდე გაურკვეველი რჩებოდა, საიდან გაიქცა ცხოველი, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ზოოპარკებიდან და ცირკებიდან ცხოველის გაქცევა არ დაფიქსირებულა. ამან გამოიწვია შეშფოთება და ვარაუდი, რომ ცხოველი შესაძლოა ქვეყანაში არალეგალური გზით შეყვანილი ლომი ყოფილიყო.
სახეობების დაცვის საერთაშორისო საბჭოსა და გერმანიის მონადირეთა ასოციაციის წარმომადგენლის შტეფან ვუნდერლიხის თქმით, არიან კერძო პირები, რომლებიც ფლობენ გარეული ცხოველების „შავი ბაზარს“ და აღნიშნული ქსელი განსაკუთრებით აქტიურია სამხრეთ ბერლინში.