ბერძენი პოლიციელი რუს მაფიოზებს პირადობის მოწმობებსა და პასპორტებს აძლევდა
ხალკიდიკის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელ პოლიციის ოფიცერს ბრალად ედება რუსული მაფიის წევრ, კრიმინალურ იერარქიაში მაღალ საფეხურზე მდგომი კრიმინალებისთვის ბერძნული პირადობის მოწმობებისა და პასპორტების დამზადება.
გაირკვა, რომ გარდა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა, რამდენიმე თვის წინ პენსიაზე გასული 58 წლის პოლიციის ოფიცერი საბერძნეთის პოლიციის სისტემებთან წვდომის მეშვეობით რუსული მაფიის წევრ ეგრეთწოდებულ “ქურდებს” აცნობებდა, ჰქონდათ თუ არა ძალოვან სტრუქტურებს ხელთ მათ წინააღმდეგ რაიმე სამხილი, რასაც შესაძლოა მომავალში მათთვის პრობლემა შეექმნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი ეშელონების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, წინასწარი გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ბერძნული პირადობის მოწმობის გაცემა 15000 ევროს ღირდა. აღნიშნულ საქმეზე სულ დააკავეს 12 ადამიანი, მათგან 7 ორგანიზაციის წევრი. საქმეში კიდევ 24 პირია.
არსებობს ჩანაწერი რუსული მაფიის ორ წევრს შორის არსებული დიალოგისა პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით.
ქალი: ვინ არიან ისინი ზოგადად?
მამაკაცი: არის ერთი მეტსახელად “ლეკა” და ის არის “ქურდი”, ის ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრობლემა დოკუმენტებთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც მე ვიცი. ასეთ ადამიანებს, როგორც ჩვენ, “კარგებს” ეძახიან, ასე ამბობენ, რომ ის ეხმარება “კარგ” ადამიანებს. მას ბევრი ნაცნობი “ქურდი” ჰყავს.
ზემოთ ნახსენები პოლიციის ოფიცერი პენსიაზე გასვლის შემდეგ ცდილობდა სხვა გზები ეპოვა კლიენტებისთვის „სუფთა“ პირადობის მოწმობების გასაცემად. კერძოდ, ის შეკრული იყო მოქმედ პოლიციის თანამშრომელთან, რომელსაც ჰქონდა წვდომა საბერძნეთის პოლიციის ელექტრონულ სისტემასთან, რათა მოეძებნა “კლიენტის” პირად მონაცემებთან მსგავსი პირის პირადობის მოწმობა, რომლის საშუალებითაც შემდეგში მოხდებოდა პირადი მონაცემების გაყალბება მონაცემთა ბაზაში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საფუძველზე.
„კლიენტები“ ქვეყანაში ლეგალურად შესვლის მომენტიდან მიმართავდნენ გამყალბებელთა წრეს. შემდეგი ნაბიჯი იყო დოკუმენტის გაცემა, რომელიც უზრუნველყოფდა მათ საბერძნეთში დარჩენას ისე, რომ ვერავინ შეძლებდა მათი ნამდვილი ვინაობის გარკვევას, რადგან მათი უმრავლესობა მდიდარი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი იყო თავის ქვეყანაში. დანარჩენზე კი წრის წევრებმა იზრუნეს.
როგორც ირკვევა, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ მიღებული ჯამური უკანონო ფინანსური სარგებელი მინიმუმ 210 000 ევროს შეადგენს. ორგანიზაციის წევრები ასევე ჩართულები იყვნენ:
14 ბერძნული პირადობის მოწმობების უკანონო გაცემის,
10 ბერძნული პასპორტების უკანონო გაცემის,
8 უცხოელის გასვლის ხელშეწყობის და 2 ყალბი მართვის მოწმობის გაცემის შემთხვევებში.
ოპერაციის ფარგლებში ჩატარდა ფიზიკური ჩხრეკა, ასევე ჩხრეკა მათ სახლებსა და ბიზნეს ფართებში, სადაც ჯამში აღმოაჩინეს და ამოღებულია:
6000 აშშ დოლარი (საეჭვო ავთენტურობის), 11,460 ევრო, 108 მესამე ქვეყნების პასპორტები, 5 პირადობის მოწმობა, 2 სატრანსპორტო საშუალება, 7 მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობების რამდენიმე ასლი და სხვა.