ბერძნული სააღდგომო ცურეკის რეცეპტი
ბერძნული სააღდგომო ცურეკის რეცეპტი
ცურეკი ტკბილი ცომეულია, რომელსაც ტრადიციულად სააღდგომოდ აცხობენ საბერძნეთში.
დაგჭირდებათ:
500 გ ფქვილი, 30 გ საფუარი, 200 მლ რძე (ნელთბილი), 2 კვერცხი (ოთახის ტემპერატურის), 130 გ შაქრის პუდრი, 60 გ კარაქი (ოთახის ტემპერატურის), 1 ჩ/ჭ ილის (Kakule) ფხვნილი, 1 ჩ/ჭ მაჰლაბის (Mahlab) ფხვნილი, 1 ფორთოხლის ცედრა, მწიკვი მარილი.
თასში მოათავსეთ ფქვილი, საფუარი (დაფშვნილი), შაქარი, 2 კვერცხი, სანელებლები (ილი და მაჰლაბი), მარილი, ფორთოხლის ცედრა, 150 მლ რძე და თქვიფეთ მიქსერით (ცომის მოსარევი მიქსერის ჯოხებით) 6-7 წუთის განმავლობაში. ცომი დროდადრო მოაშორეთ თასის კედლებს. დაუმატეთ კარაქი და ისევ აურიეთ 2-3 წუთი. დაუმატეთ დარჩენილი რძე, თუკი საჭირო იქნება (ეს დამოკიდებულია ფქვილზე). ცომი შეკრული უნდა იყოს, რადგან ამოსვლისას საკმაოდ რბილდება. გადაიტანეთ სხვა თასში, მოაყარეთ ცოტა ფქვილი, გადააფარეთ ტილო და დადგით სითბოში 1 საათი (ცომი უნდა გაორმაგდეს). როცა ამოვა, ხელით დააწექით რბილად, რომ შეიკუმშოს. 1 საათის შემდეგ დაფაზე მოაყარეთ ცოტა ფქვილი და მოათავსეთ მასზე გამზადებული ცომი. გაყავით სამ თანაბარ ნაწილად (ან 6 ნაწილად, თუ 2 ცურეკი გინდათ; ამ შემთხვევაში 2 წითელი კვერცხი დაგჭირდებათ). თითოეული ცომის ნაწილი ორად გაკეცეთ, სწრაფად გააკეთეთ ცომის თასმები და დაწანით (არ გააბრტყელოთ). მოათავსეთ ცურეკი ცხიმწასმულ ცივ ტაფაზე და ფუნჯით გადაუსვით ცოტა წყალი. გააჩერეთ 15 წუთი. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ფუნჯით წაუსვით ცურეკს, მოაყარეთ ცოტა ნუში და დაადეთ წითელი კვერცხი. შედგით ჰაერღუმელში 160 გრადუსზე, ზედა თაროზე. გამოცხობას 30-40 წუთი სჭირდება.