დააკავეს მედპერსონალის ორი წევრი, რომლებიც დამკრძალავ ბიუროს მომაკვდავ პაციენტთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს აწვდიდნენ
სამშაბათს (10/10), ერთ-ერთ კუნძულზე, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი თანამშრომელი, რომლებიც სამედიცინო სტაციონარში განთავსებული, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას და მათ პირად მონაცემებს კონკრეტულ დამკრძალავ ბიუროს აწვდიდნენ.
კერძოდ, როგორც პოლიციაში წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, ორი თანამშრომელი სულ მცირე, 2023 წლის აგვისტოს ბოლოდან მუდმივად ახორციელებდა საავადმყოფოს ექიმების ელექტრონულ ფაილებზე წვდომას, რის შემდეგაც სისტემატურად აწვდიდა მომაკვდავ პაციენტთა შესახებ კონფიდენციალურ სამედიცინო პერსონალურ მონაცემებს დამკრძალავ ბიუროს, რომელიც თავის მხრივ სარგებლობდა ამ ინფორმაციით და სთავაზობდა მათ დაკრძალვის მომსახურებას.
დაკავებულთა ბინების და სამუშაო ადგილების ჩხრეკისას ამოღებული იქნა 18240 ევრო, სამი მობილური ტელეფონი, ასევე დოკუმენტები და ჩანაწერები.
ამ დროისთვის დაფიქსირებულია პაციენტთა კონფიდენციალური მონაცემების გამჟღავნების სულ 74 შემთხვევა, საიდანაც 54 ეხებოდა გარდაცვლილ პაციენტს, რომელთაგან 26-ის დაკრძალვის პროცესი აღნიშნულმა კერძო დამკრძალავმა ბიურომ აიღო.
დაკავებულთა მიმართ საქმეზე საქმე აღიძრა ქრთამის აღების, თანამშრომლების მოსყიდვის, სამსახურებრივი კონფიდენციალურობის დარღვევის და პირადი მონაცემების გამჟღავნების ფაქტებზე.
დაკავებულები მათ წინააღმდეგ აღძრული ბრალდებით პროკურატურაში გადაიყვანეს.