ეგვიპტე: 65 წლის მამაკაცმა 5 და 6 წლის ძმები მოკლა, რადგან ისინი მისი სახლის წინ თამაშობდნენ
ეგვიპტეში 65 წლის პენსიონერმა მამაკაცმა მოკლა ორი ბავშვი, 5 და 6 წლის ძმები, რადგან, როგორც ამტკიცებდა, ისინი მისი სახლის წინ თამაშობდნენ და ხმაურით შეაწუხეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემზარავი ამბავი მაშინ გახდა ცნობილი, როცა 6 წლის რაჰიმისა და 5 წლის ისლამის მამამ ბავშვების გაუჩინარების შესახებ პოლიციას შეატყობინა.
შემდგომმა ძიებამ პოლიცია მათი მეზობლის, 65 წლის მოჰამედ საბერის სახლამდე მიიყვანა, რომელმაც დაკითხვის შემდეგ აღიარა, რომ ორივე ბავშვი მოკლა და მათი ცხედრები მდინარეში გადაყარა.
” დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ბავშვები გააფრთხილა მისი სახლიდან მოშორებით ეთამაშათ, მაგრამ მათ უარი უთხრეს, რის შემდეგაც მან აღიარა რომ ბავშვები სახლში შეიყვანა, თავს დაესხა, სცემა და ბოლოს დაახრჩო”- აცხადებს პოლიციის წყარო.
65 წლის მამაკაცმა ასევე აღიარა, რომ დახმარება სთხოვა თავის 33 წლის შვილს, რომელთან ერთადაც ღამით ორივე ბავშვის ცხედარი მდინარეში გადააგდო.
პროკურატურამ ორივე მათგანს, მამას და შვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბავშვების ცხედრები წყალში უკვე გახრწნის საწყის სტადიაში მყოფი იპოვეს და საავადმყოფოს პროზექტურაში გაკვეთის ჩასატარებლად გადაასვენეს.