ემიგრაციის სამინისტრომ ახალი კანონპროექტი წარადგინა
ემიგრაციის სამინისტრომ ახალი კანონპროექტი წარადგინა
ემიგრაციის სამინისტროს მიერ საჯარო განხილვაზე წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, და იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო მოსმენაზე დამტკიცდება, შესაძლებლობას მისცემს მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საბუთები გაუფუჭდათ, საბუთები აღადგინონ.
აღნიშნული ბინადრობის მოწმობა სისტემაში “მეორე შანსი”-ს სახელით შევა: Άδεια διαμονής δεύτερης ευκαιρίας და განაცხადის გაკეთებას შეძლებენ ის ადამიანები, რომლებიც სულ მცირე 5 წლის განმავლობაში ფლობდნენ ბინადრობის მოწმობას. ვადა გაუვიდა აღნიშნულ ბინადრობის მოწმობას, ან საემიგრაციო სამსახურებიდან გამოიტანეს ვადის გასვლის შემდეგ და ვეღარ შეძლეს გადავადება. საბუთების აღდგენას ასევე შეძლებენ პირები, რომლებსაც გამოუვიდათ უარი, ან გაუუქმდათ ბინადრობის მოწმობა.
აღნიშნული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ წინაპირობებს: არ უნდა უფიქსირდებოდეთ 6 თვეზე დიდხანს გასვლა საბერძნეთის ტერიტორიიდან, არ უნდა წარმოადგენდნენ სახელმწიფოსთვის საფრთხეს.
აღნიშნული ბინადრობის მოწმობა ძალაში იქნება გაცემის დღიდან 2 წლის ვადით, ხოლო გაცემამდე კი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაიცემა სერთიფიკატები, ე.წ “ვევეოსები.”
გარდა საბუთების აღდგენის ინიციატივას საჯარო მოსმენაზე წარდგენილი კანონპროექტი კიდევ უამრავ ცვლილებას შეიცავს. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მესამე ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციას საბერძნეთის რესპუბლიკაში კანონიერი გზით და მოახდენს არალეგალური ემიგრაციის პრევენციას.
კიდევ ერთი დადებითი სიახლე, რომელსაც კანონპროექტი გვთავაზობს, საემიგრაციო სამსახურებში უკვე შესული განცხადებების დაუყოვნებლივ განხილვა და გამოცემაა, რომლებსაც ვადა ექნებათ სულ მცირე 2 წელი. ახალი განცხადებების განხილვის ვადა იქნება 90 დღე, რომელიც შესაძლებელია განსაკუთრებული მიზეზების არსებობის შემთხვევაში საემიგრაციო სამსახურის მხრიდან შესაბამისი ახსნა-განმარტებების საფუძველზე გადავადდეს მაქსიმუმ 30 დღით.
კანონპროექტი ითვალისწინებს დაგვიანებით გადავადების 1 თვიდან 3 თვემდე გაზრდას ჯარიმის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში თითო თვის ჯარიმის საფასური იქნება 100 ევრო.
კანონპროექტი სხვა პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად გაამკაცრებს სასჯელს იმ ადამიანებისთვის ვისაც უკანონოდ შემოჰყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეები საზღვარზე და ხელს უწყობენ საბერძნეთის ტერიტორიაზე მათ დამკვიდრებას. იმ შემთხვევაში თუ არალეგალს მესამე ქვეყნის მოქალაქე შეიფარებს, რომელსაც ბინადრობის მოწმობა აქვს, სასჯელის სახით საბერძნეთის ტერიტორიაზე ლეგალურად მაცხოვრებელ მოქალაქეს ჩამოერთმევა ბინადრობის მოწმობა სასჯელის სახით.
შეიცვლება განცხადებების პერიფერიებისთვის მინიჭების წინაპირობებიც. აღარ ექნება მნიშვნელობა თუ სად ცხოვრობს განმცხადებელი. განაცხადის ატვირთვისას სისტემა ავტომატურად მიანიჭებს განცხადებას ბინადრობის მოწმობის გადავადებასთან დაკავშირებით იმ საემიგრაციო სამსახურს (პერიფერიას) რომელსაც უფრო ნაკლები განცხადება აქვს აღებული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ჯერ-ჯერობით გატანილია საჯარო მოსმენაზე, არ არის შეტანილი პარლამენტში მოსმენაზე და ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დამტკიცდება პარლამენტის მიერ.
