ვრცელდება ტემბის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 19 წლის ბიჭისა და 112-ის თანამშრომლის სატელეფონო ჩანაწერი
ვრცელდება ტემბის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 19 წლის ბიჭისა და 112-ის თანამშრომლის სატელეფონო ჩანაწერი
ტემბში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 2 წლის შემდეგაც გრძელდება.
ტელემაუწყებელი ΑΝΤ1 ავრცელებს იმ საზარელ ღამეს 112-ში შესულ ზარს, რომელიც 19 წლის სტუდენტმა განახორციელა.
ხმოვანი ჩანაწერი ასახავს მოვლენებს, რომლებიც შეჯახების შემდეგ განვითარდა.
შეჯახებიდან 3 წუთის შემდეგ დაშავებულმა 19 წლის ბიჭმა დახმარების სათხოვნელად 112-ში დარეკა.
თანამშრომელი: გადაუდებელი დახმარების ხაზი, გისმენთ. გესმით ჩემი ხმა?
დაშავებული: დიახ, გესმით?
თანამშრომელი: დიახ, რა მოხდა?
დაშავებული: სალონიკისკენ მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავარდა.
თანამშრომელი: რა მოხდა?
დაშავებული: სალონიკისკენ მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავარდა.. შეჯახება მოხდა, ზუსტად ვერ ვხვდები რა მოხდა.. მატარებელს ცეცხლი უკიდია.. მე გადმოვედი მატარებლიდან..
თანამშრომელი: სად იმყოფებით ამჟამად?
დაშავებული: ვერ ვხვდები ზუსტად რა ადგილზე ვართ. ლარისას გავცდით. ლარისასგან ცოტა მოშორებით ვართ.
თანამშრომელი: ლარისასგან მოშორებით. რამდენი ადამიანი ხართ?
დაშავებული: ძალიან ბევრი.. მთელი მატარებელი განადგურებულია, მე მოვახერხე გადმოსვლა მატარებლიდან და სხვებიც.. ზოგი ისევ ცდილობს მატარებლიდან გამოღწევას..
თანამშრომელი ჯერ კიდევ ვერ ხვდება რომ უბედური შემთხვევა მოხდა.. თვითონ დაშავებულსაც უჭირს მომხდარის გააზრება. დაშავებულის გვერდით მდგომი ახალგაზრდა ართმევს მას ტელეფონს და აგრძელებს თანამშრომელთან საუბარს:
თანამშრომელი: ლარისაში ხართ?
მეორე დაშავებული: ლარისას ცოტა გავცდით, თავი დავარტყი და სისხლი მდის..
თანამშრომელი: მარტო ხართ?
მეორე დაშავებული: არა, ძალიან ბევრნი ვართ.
თანამშრომელმა დაშავებულები სახანძრო-სამაშელო სამსახურთან დააკავშირა:
თანამშრომელი: ბატონი აცხადებს რომ მატარებელი რელსებიდან გადავარდა.
სახანძროს თანამშრომელი: მატარებელი?
თანამშრომელი: ბატონო, ესაუბრეთ სახანძროს წარმოომადგენელს.
დაშავებული: დიახ, რა ვუთხრა? რა გაინტერესებთ? არ ვიცი ზუსტად რა მოხდა.. არ ვიცი რაიმეს შევეჯახეთ თუ რელსებიდან გადავვარდით. მგონი რელსებიდან გადავვარდით და მატარებელს ცეცხლი უკიდია.
სახანძროს თანამშრომელი: ცეცხლი სად უკიდია? ზუსტად რა ნაწილში?
დაშავებული: დიახ.. ვცდილობ მოპირდაპირე მხარეს გადავიდე რომ გიპასუხოთ.
სახანძროს თანამშრომელი: მატარებლიდან გადმოხვედით? ანუ თქვენ მგზავრი ხართ?
დაშავებული: დიახ, მაგრამ მატარებელში ბევრი ხალხია ჩარჩენილი.
ახალგაზრდამ შეძლო და ვაგონიდან გადმოვიდა, შემდეგ ეროვნული გზატკეცილის მიმართულებით წავიდა და ზემოდან აღწერა ყველაფერი, რისი დაფიქსირებაც შეძლო.
ჩვენებაში 19 წლის ბიჭმა განაცხადა, რომ მაშინ როცა 112-ში რეკავდა ესმოდა მატარებლიდან ხმები, რომლებიც შველას ითხოვდნენ.
“ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. თავიდან ინერციით წინ გადავვარდი, შემდეგ სხვა მგზავრებთან ერთად ხან ვაგონის მარჯვენა, ხან მარცხენა მხარეს ვენარცხებოდი. ვაგონში შუქები ჩაქვრა და ყველა შუშა ჩაიმსხვრა. 2 მეტრის სიმაღლიდან დავენარცხეთ მიწას. სანამ ვაგონიდან გადმოვიდოდი დავინახე, რომ მატარებელს ცეცხლი ეკიდა. მახსოვს დედა პატარა შვილს ეძახდა..”