ზაკინთო: ძლიერი წვიმების შედეგად ისტორიული მნიშვნელობის ბიბლიოთეკა დაიტბორა
ზაკინთო: ძლიერი წვიმების შედეგად ისტორიული მნიშვნელობის ბიბლიოთეკა დაიტბორა
უამინდობის ფენომენმა სრულიად საბერძნეთის ტერიტორიაზე გამოიწვია დიდი მატერიალური ზიანი. კვირას ღამით დაწყებულ ძლიერ წვიმას, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, დასასრული არ უჩანს. დედაქალაქში დატბორილი ქუჩების, მესინიაში ჩამოწოლილი ღვარცოფისა და ლარისაში დაკეტილი სკოლების შემდეგ ძლიერმა წვიმებმა ზაკინთომდეც მიაღწიეს და უამინდობის შედეგად დაგროვილმა წყალმა ზაკინთოსთვის ერთ-ერთ ისტორიულად მნიშვნელოვან ბიბლიოთეკაშიც შეაღწია.
სამშაბათს, 14 იანვარს დილით სამსახურში მისულმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ბიბლიოთეკის დერეფნები და ოთახები სრულიად იყო დატბორილი. ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დაგროვილი წყალი შენობაში გაცვეთილი ხის ჩარჩოებიდან და სახურავიდან ჩავიდა, რადგან უკვე წლებია შენობა რესტავრაციას საჭიროებს და ყურადღებას არავინ აქცევს.
მიმდინარეობს კვლევები რათა დადგინდეს რა რაოდენობისა და სიმწვავის ზიანი მიადგა შენობას. წყალი შესულია კომპიუტერებშიც, რომელთა მეშვეობითაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები ემსახურებიან მკითხველებს. მატერიალური ზიანი მიადგა ასევე ავეჯსა და წიგნებს.