კვიპროსი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
კვიპროსი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ერთი 18 წლის და ორი 20 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა შაბათს შუაღამისას მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ.
საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანას 18 წლის ნიკოლას კუცუსი მართავდა. სოფელ ფრენაროსში, არხიეპისკოპუ მაკარიუს ქუჩაზე მიმავალი მანქანა, რომლითაც ნიკოლასთან ერთად მისი 4 მეგობარი გადაადგილდებოდა, საპირისპიროდ მიმავალ ავტომანქანას შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად ახალგაზრდების მანქანა ჯერ შენობას, შემდეგ კი ხეებს შეეჯახა. მეორე მანქანა კი, რომლითაც 44 წლის კაცი 15 წლის შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, შეჯახების შედეგად ცეცხლის ალში გაეხვა და სრულიად დაიწვა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 18 წლის ნიკოლას კუცუსი, 20 წლის მარტინოს მარტისი და 20 წლის ირინეოს ადამუ. ორი ახალგაზრდა, რომელთა ასაკიც 18 და 20 წელია მძიმედ დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მეორე ავტომანქანის მძღოლი და მისი შვილი მსუბუქად დაშავდნენ. მამა-შვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ექიმებმა მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მალევე გაწერეს სახლში.