რა გახდა ინდოეთი პაკისტანს შორის შეტაკების დაწყების მიზეზი
რა გახდა ინდოეთი პაკისტანს შორის შეტაკების დაწყების მიზეზი
ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 6 მაისის საღამოს სარაკეტო იერიში განახორციელეს პაკისტანსა და მის კონტროლქვეშ მყოფ ქაშმირის ნაწილში არსებული “ტერორისტული ინფრასტრუქტურის” წინააღმდეგ.
განცხადების მიხედვით, ინდოეთის მიერ დაწყებული ოპერაცია “სინდურის” ფარგლებში, მთლიანობაში დაზიანდა ცხრა პაკისტანური ობიექტი.
პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთი რაკეტებით დაესხა თავს მის ქვეყანას. ირწმუნებიან, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა კოტლი, მუზაფარაბადი და ბაჰავალპური.
ოფიციალურმა ისლამაბადმა განაცხადა, რომ “ინდოეთს პასუხს ღირსეულად გასცემს იმ დროსა და იმ ადგილას, რომელსაც თავად აირჩევს”.
ამავდროულად, პაკისტანის მედია უკვე იუწყება ინდოეთის ავიაბაზაზე საპასუხო სარაკეტო დარტყმაზე ქალაქ სრინაგარში.
Reuters-ის ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში აფეთქებები მოხდა. სააგენტოს თანამოსაუბრეთა თქმით, ქალაქ მუზაფარაბადში აფეთქებების შემდეგ ელექტრომომარაგება შეწყდა.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ინდოელ ტურისტებზე. პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ. ინდოეთის ხელისუფლებამ ეს თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ითქვა, რომ თავდამსხმელთა შორის ორ ადამიანს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს.