რობერტ ოპენჰაიმერი: ატომური ბომბის მამა
საბერძნეთის კინოთეატრებში სულ ახლახანს კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოპენჰაიმერის“ პრემიერა შედგა. ამ გახმაურებული ფილმის გამოსვლით კვლავ დაიდო სასწორზე ყველა დროის უდიდესი ფიზიკოსის, რობერტ ოპენჰაიმერის სახელი, რომელიც, შეიძლება ითქვას, სამუდამოდ იქნება დაკავშირებული მილიონობით ადამიანის სიკვდილთან.
ამბობენ, რომ რაც გარდაუვალია აუცილებლად მოხდება.. როდესაც რობერტ ოპენჰაიმერს გაუჩნდა ატომური ბომბის შექმნის იდეა, მან არ იცოდა, რომ ამ აღმოჩენით კაცობრიობის ისტორია ახალი ტრაექტორიით განაგრძობდა სვლას. მას რომ ამის შესახებ სცოდნოდა ალბათ სამუდამოდ გაჩუმდებოდა…
რობერტ ოპენჰაიმერი იყო ფიზიკოსი, რომლის სახელიც ატომური ბომბის შექმნასთან არის დაკავშირებული. მას “ატომური ბომბის მამასაც” უწოდებენ.
1945 წლის ივლისში, ლოს ალამოსის ტერიტორიაზე, პირველი ატომური ბომბი გამოცადეს. ატომური იარაღის შექმნიდან მალევე ოპენჰაიმერმა შემდეგი სიტყვები თქვა: “ახლა მე გავხდი სიკვდილი, სამყაროს გამანადგურებელი”.
ატომური ბომბების შექმნამ და იაპონიის ქალაქების განადგურებამ მეორე მსოფლიო ომი დაასრულა. ამით დაიწყო ახალი ერა, რომელმაც ოპენჰაიმერი ისტორიაში შეიყვანა. მისმა სინანულმა იმის გამო, რაც შექმნა, საბოლოოდ ფიზიკოსი აშშ-ს მთავრობასთან დააპირისპირა. შემდეგ იყო სიმპათიები კომუნისტური პარტიის მიმართ, რის შედეგადაც ის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყეს.
ისტორიკოსი კაი ბერდი, რომელიც ოპენჰაიმერს, როგორც ისტორიულ ფიგურას წლების განმავლობაში სწავლობდა, ფიზიკოსს საკულტო ფიგურად მიიჩნევს.
ისტორიკოსს ეკუთვნის წიგნი “ამერიკელი პრომეთე: ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ტრიუმფი და ტრაგედია”. სწორედ ამ წიგნმა მოახდინა შთაბეჭდილება კრისტოფერ ნოლანზე და შესაბამისად, დიდი გავლენა აქვს ახლად გამოსულ ფილმზეც.
ატომური ბომბის შექმნის ეგრეთწოდებულ მანჰეტენის პროექტზე ათასობით მეცნიერი მუშაობდა და დღევანდელი ეკვივალენტით მასზე 24 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
ოპენჰაიმერი მანჰეტენის პროექტის სამეცნიერო ლაბორატორიის დირექტორი იყო, მანვე აარჩია ტერიტორია- ლოს ალამოსი. ბომბის შესაქმნელად ოპენჰაიმერმა 2 წელზე მეტი იმუშავა და ყველა ვინც პროექტში იყო ჩართული ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოპენჰაიმერის გარეშე ბომბის შემუშავება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
ახალგაზრდობაში ოპენჰაიმერი გერმანიაში მაქს ბორნის ხელმძღვანელობით კვანტურ ფიზიკას სწავლობდა. იქ ყოფნისას ის ვერნერ ჰაიზენბერგის ლექციებსაც აქტიურად ესწრებოდა. შესაბამისად, ოპენჰაიმერმა იცოდა, რომ გერმანელ მეცნიერებს ატომური ბომბის შექმნა შეეძლოთ. მას მასობრივი განადგურების იარაღის პოტენციალიც შესანიშნავად ჰქონდა გააზრებული და შიშობდა, რადგან იცოდა, ამ მხრივ გერმანელები თითქმის 2 წლით წინ იყვნენ.
მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების მქონე ოპენჰაიმერს ეშინოდა, რომ გერმანელი მეცნიერები ჰიტლერის დაკვეთით ატომურ ბომბს შექმნიდნენ. ეს კი ოპენჰაიმერისთვის ნამდვილი კოშმარი იყო. ამიტომ, უნდა დაესწრო!
1945 წლის გაზაფხულზე, ლოს-ალამოსის ყველა მეცნიერმა უკვე იცოდა, რომ ომი ევროპაში დასრულდა, თუმცა იარაღის შექმნაზე მუშაობა ისევ გრძელდებოდა.
ბერდი ამბობს, რომ მეცნიერებს ამ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდათ, რომელზეც სწორედ ეს საკითხები განიხილეს. ამ შეხვედრას ბუნებრივია ოპენჰაიმერიც ესწრებოდა, რომელიც ომის შემდეგ ბირთვული იარაღის ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსად მოგვევლინა. ის ეწინააღმდეგებოდა უფრო ძლიერი წყალბადის ბომბის შექმნის მცდელობებს.
ის დაბრუნდა ვაშინგტონში და შეიტყო ტრუმენის ადმინისტრაციის დამოკიდებულების შესახებ- მთავრობას კიდევ უფრო ძლიერი ატომური შეიარღების შექმნა სურდა.
ოპენჰაიმერი ფიქრობდა, რომ ეს შეცდომა იყო. ჯერ კიდევ 1945 წლის ოქტომბერში მან ფილადელფიაში საჯარო სიტყვა წარმოთქვა, სადაც აღნიშნა, რომ ეს იარაღი აგრესორების ხელში ტერორისა და განადგურების იარაღად იქცეოდა.
ამის შემდეგ ოპენჰაიმერი უკვე საფრთხეს წარმოადგენდა, ამან განაპირობა 1953 წლის მოვლენები, როდესაც მას უფლებები შეუზღუდეს. მეცნიერს სასამართლოზე წარდგენაც მოუწია, სადაც ის გარკვეულ წილად საჯაროდ დაამცირეს კიდეც.
1954 წელს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ოპენჰაიმერი აინშტაინს ეწვია და უთხრა, რომ რამდენიმე კვირით პრინსტონის უმაღლეს სასწავლებელში არ იქნებოდა. (სადაც ოპენჰაიმერი დირექტორად მუშაობდა 1947 წლიდან 1966 წლამდე). ფიზიკოსი სასამართლოს წინაშე უნდა წარმსდგარიყო.
აინშტაინის წინადადებას, მიეტოვებინა ყველაფერი, თუ მისი რჩევების გათვალისწინება არ სურდათ, ოპენჰაიმერმა უპასუხა, რომ მას თავისი სტატუსი უნდა გამოეყენებინა, მთავრობას იარაღის პოტენციალი და საფრთხე გააზრებული არ ჰქონდა, შესაბამისად, ოპენჰაიმერი იყო ის ვინც მათ ამას აუხსნიდა.
რეალურად, ოპენჰაიმერს სურდა გავლენა მოეხდინა მთავრობაზე და პრეზიდენტზე, აინშტაინისთვის კი ეს წარმოუდგენელი რამ იყო, მან იცოდა, რომ ოპენჰაიმერი საბოლოოდ დამარცხდებოდა.
ეს მართლაც ასეც მოხდა- მისმა გავლენიანმა მტრებმა ვაშინგტონში ოპენჰაიმერი უბრალოდ გაანადგურეს.
ცალკე საკითხია ის თუ როგორ დაგვამახსოვრდება ოპენჰაიმერი. ბერდის თქმით, ეს საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებთ მის მიერ შექმნილ იარაღს.
“ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუკავშირდებით მეცნიერებას და ტექნოლოგიებს. სხვა საკითხია, რამდენად ვუსმენთ მეცნიერებს. ერთია მათი აღმოჩენები და მეორე როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.”
მთლიანობაში, ოპენჰაიმერი ტრაგიკული ფიგურაა. მან შექმნა მასობრივი განადგურების იარაღი და თვითონ იქცა მსხვერპლად. როგორც ბერდი ამბობს, ოპენჰაიმერი არის მაგალითი იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც პოლიტიკაში ჩარევას გადაწყვეტენ.
“წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ გაანადგურებენ. მოექცევიან ისე, როგორც რობერტ ოპენჰაიმერს მოექცნენ”- ამბობს ბერდი.