როგორ ხდება საბერძნეთში კრიპტოვალუტის მაინინგი
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრიპტოვალუტა საბერძნეთის საზოგადოებაშიც შეიჭრა, ძირითადად მაღალი გადასახადებისა და პანდემიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ბერძენმა შეიძლება არ იცოდეს რას ნიშნავს „ბიტკოინი“, მისი მაინინგის მიმართ ინტერესი მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საბერძნეთში, მოსახლეობის სავარაუდო ორნიშნა პროცენტი კრიპტოვალუტით ვაჭრობს სხვადასხვა პლატფორმაზე.
„კრიპტოვალუტის მაინინგის აღჭურვილობის ღირებულება და ელექტროენერგიის მზარდი ხარჯები საბერძნეთში კრიპტო მაინინგს მიუღწეველ ამოცანად აქცევს საბერძნეთის მოქალაქეებისთვის“, – ამბობს სამოქალაქო ინჟინერი და მეწარმე გეორგოს ნოლისი. მეორეს მხრივ, მსხვილ ბიზნესს ამის გაკეთება ბევრად უფრო მარტივად შეუძლია.
მაინინგი არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერებს სთხოვენ გადაჭრას უკიდურესად რთული მათემატიკური ამოცანები. ეს ამოცანები მოითხოვს უმაღლესი დონის კომპიუტერულ აღჭურვილობას, ამდენად, ჩვეულებრივზე მეტ ელექტროენერგიას. შედეგად, კრიპტოვალუტის მაინინგი მიუწვდომელია ევროკავშირის უმაღლესი საშუალო კლასის მოქალაქისთვისაც კი, განსაკუთრებით საბერძნეთში.
„არ არსებობს მეთოდოლოგია საბერძნეთში კრიპტოვალუტის მოპოვებით დაკავებული ადამიანების ან კომპანიების რაოდენობის გასაზომად“, – ამბობს ნოლისი, Lancom Ltd-ის აღმასრულებელი დირექტორი.
კრიპტოვალუტის მაინინგი ისეთივე ანონიმურია, როგორც თავად ვალუტები, ამბობს ის. „მე პირადად ვიცი საბერძნეთში რამდენიმე მაინერის შესახებ, რომლებიც მოყვარულები არიან. ისინი ინვესტიციას ახორციელებენ 1-დან 10-მდე მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობაში,”- ამბობს ის.
და მაინც, გასულ მაისში, Bitcoin.com-მა განაცხადა, რომ საბერძნეთში ქალების ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ გაიზარდა 163.67%-ით. ეს იყო ყველაზე მაღალი პროცენტი ევროპაში, ამ კონკრეტული კვლევის მიხედვით. ბიტკოინის ბანკომატების რაოდენობა საბერძნეთში 2020 წელს ასევე გაიზარდა სულ მცირე ხუთამდე, ქვეყნის მასშტაბით.
კრიპტოვალუტის მაინინგი ძალიან ძვირია. Ethereum კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭიროა კომპიუტერული აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც 20000 ევროს შეადგენს. ის მოიხმარს 4800 ვატს, რაც ნიშნავს, რომ ის საბერძნეთში თვეში დაახლოებით 1000 ევროს ღირებულების ელექტროენერგია დაჯდება.
Ethereum-ის საშუალო ღირებულება 2000 ევრო ნიშნავს, რომ მაინერს შეუძლია 30 დღეში ერთი კრიპტოვალუტის მონეტის 65%-ის მოპოვება. ეს ღირს 1600 ევრო, რაც იძლევა 600 ევროს წმინდა ყოველთვიურ მოგებას საბერძნეთში ელექტროენერგიის ხარჯების შემდეგ.
მაინერებს, როგორც წესი, უხდიან ეგრეთ წოდებულ „სამუშაო მტკიცებულებას“, რომელიც დამოწმებულია ტრანზაქციების დადასტურებით ბლოკჩეინის კრიპტოვალუტის ქსელიდან, როგორიცაა Ethereum. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი იღებენ კომპენსაციას კომპიუტერის სიმძლავრისთვის და უხდიან კრიპტოვალუტაში.
კრიპტო მოგება შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოხვდებიან საბანკო სისტემაში. როგორც კი ისინი გადაიქცევიან ევროდ და შედიან ანგარიშზე, საბერძნეთის სახელმწიფო მათ ჩვეულებრივ 22%-ით ბეგრავს.
კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ კრიპტოვალუტის ანგარიშებს, დაბეგვრის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა მათი გაცვლა პროდუქციაში, რომელიც ხდება კრიპტოვალუტით. თუ კრიპტოვალუტის მაინინგი და მისი გამოყენება გაიზრდება ისე, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში, არარეგულირებადი, დაუბეგრავი ტრანზაქციების წყარო შეიძლება ფინანსური ნორმის ნაწილი გახდეს.