როდოსი: შეკვეთის შესასრულებლად ზღვაში შესული მიმტანის კადრები ტურიზმისა და კვების სფეროში ახალი დებატების გახსნის საბაბი გახდა
მნახველთა აღშფოთება გამოიწვია ვიდეომ, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს რომ კუნძულ როდოსზე, ცნობილი სანაპიროს პლაჟ-ბარში, მიმტანი შეკვეთის შესასრულებლად ფაქტიურად… ზღვაში ცურავს!
კადრებში ასახულია ახალგაზრდა მამაკაცი სასმელითა და კოქტეილებით სავსე ლანგრით როგორ შედის ზღვაში, რათა წყლის ზედაპირზე განთავსებულ ხის ბაქანზე მყოფ კლიენტებს შეკვეთა მიაწოდოს, წყალი კი თითქმის მკერდამდე სწვდება!
გავრცელებული ვიდეო მნახველების მიერ შეფასებული იქნა, როგორც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა მომსახურე პერსონალის მიმართ და მათი უფლებების უხეშ დარღვევად, შესაბამისად ოფიციანტის მკერდამდე ზღვაში ყოფნის კადრებს სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და გახდა ტურიზმისა და კვების სფეროში სამუშაო პირობებზე დებატების ხელახლა გახსნის საბაბი.
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა შრომის მინისტრი ადონის გეორგიადისი და აღნიშნა, რომ მომხდარს აუცილებლად მოჰყვება სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება.
„მე მაშინვე მოვითხოვე ინსპექციის მიერ პირდაპირი შემოწმება. ჩვენ გავაგზავნეთ ეშელონი, რომელიც ორ საათში ადგილზე იყო და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, არ არსებობს წერილობითი დებულება, რომელიც კრძალავს მსგავსი ტიპის მომსახურებას.
გარდა ამისა, ჩვენ სასწრაფოდ ვამზადებთ კანონპროექტს, რომლის საშუალებითაც შევძლებთ ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას, კონკრეტული შემთხვევა კი როგორც ჩანს, თავად თანამშრომელმა შექმნა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვზრუნავთ ტურიზმის განვითარებაზე მხოლოდ და მხოლოდ მშრომელთა უფლებების სრული პატივისცემის პირობებში“- განაცხადა მინისტრმა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს აღნიშნული ბარის მეპატრონეც:
„27 წელია ამ ბიზნესში ვარ და დასაქმებული პერსონალის მხრიდან პრეტენზია არასდროს მქონია. შესაძლებელია, რომ დასაქმებულმა ძალით მსგავსი რამ გააკეთოს? მიმტანი, რომელიც ზღვაში შევიდა 5 წელია ჩემი თანამშრომელია. ეს იყო ცალკეული შემთხვევა და მან ეს საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარშე გააკეთა. ამავე დროს კოსტიუმი რომელიც აცვია, წყალგაუმტარია. მე ვთვლი, რომ მას გაუმართლა და აქვს მოტივაცია, რადგან მისი ანაზღაურება თვეში 3000 ევროა.
დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეო გამოქვეყნებულია კონკურენტების მიერ ყალბი პროფილით, რომელთაც სურთ ჩემთვის ზიანის მოყენება და ჩემი ბიზნესის სტიგმატიზაცია”- ამბობს ბარის მფლობელი, რომელსაც, როგორც ჩანს, წყლის ზედაპირზე მცურავი პლატფორმების განთავსებით სურდა შეექმნა პატარა კომპლექსი, რომელიც მოგვაგონებს მალდივის კუნძულებს და მომხმარებლებს შესთავაზებდა მაგალითად 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში აპრობირებული მომსახურების მსგავს სერვისს, ცხადია შესაბამისი ფასით.