საათების ინდუსტრიაში ყველაზე წარმატებული ბრენდის, Rolex-ის ისტორია
საათების ინდუსტრიაში ყველაზე წარმატებული ბრენდის, Rolex-ის ისტორია
Rolex-ი ალბათ საათების ერთადერთი ბრენდია, რომლის არსებობის შესახებაც დედამიწის ნებისმიერ წერტილში იციან.
Rolex დაარსების დღიდან დამოუკიდებელი, საოჯახო კომპანიაა. ბრენდს 1960 წლიდან Hans Wilsdorf Foundation ფლობს, რომელიც თავის მხრივ, კერძო საოჯახო ტრასტს წარმოადგენს. Rolex-ის აქციებს ვერ შეიძენთ საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, Rolex თავის გადაწყვეტილებებში სხვადასხვა გემოვნებისა და ფინანსური ინტერესების ინვესტორებისგან დამოუკიდებლია.
Rolex-ის ისტორია 1905 წელს იწყება, როდესაც გერმანული წარმოშობის, 24 წლის ჰანს ვილსდორფმა, მის ნათესავთან ერთად, ლონდონში საათების კომპანია დააფუძნა. კომპანიის თავდაპირველი სახელი Wilsdorf and Davis გახლდათ. ეს ის პერიოდია, როდესაც მაჯის საათი იშვიათი ნივთი იყო. ვილსდორფი ოცნებობდა ზუსტ მაჯის საათზე, რომელიც მასიური მოხმარების საგანი უნდა გამხდარიყო. ჰანსმა დაისახა ძალიან მკაფიო მიზანი: ეწარმოებინა საათები, რომლებიც მფლობელისთვის მთელი ცხოვრების თავგადასავალი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საათები შესანიშნავ შედეგს აჩვენებდნენ სტატიკური ქრონომეტრის ტესტებისას, ვილსდორფი გაუმჯობესებას არ წყვეტდა. მას ისეთი პროდუქტის მიღება სურდა, რომელიც გარემო პირობების მიუხედავად, კარგად იმუშავებდა.
პირველ ეტაპზე მისი კომპანია პროდუქტს საკუთარი სპეციფიკაციით და დიზაინით შვეიცარიულ მწარმოებლებს უკვეთავდა.
1908 წელს ვილსდორფს გენიალური იდეა მოუვიდა: საათების კომპანიისთვის დაერქვა – Rolex. თითქმის ყველა ენაზე ადვილად წარმოსათქმელმა სახელმა ბრენდის წარმატებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. გადაჭარბების გარეშე, სხვა სახელით საათების მწარმოებელი კომპანია ვერ იქნებოდა იქ, სადაც ახლა გვევლინება.
1919 წელს ვილსდორფმა Rolex-ის დომიცილი ლონდონიდან ჟენევაში გადაიტანა და მომდევნო წელს ის ჟენევის სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა.
Rolex-ის აღმავლობა 1926 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიამ თავისი ინოვაციური სულის კონკრეტულ მოდელებში გარდასახვა დაიწყო.
1933 წელს Rolex-Oyster პირველად გამოიყენეს მთამსვლელებმა ევერესტის დაპყრობის ექსპედიციის დროს. საათი ამ ხიფათსაც უვნებლად გადაურჩა. გიბრალტარის და ევერესტის მოვლენებმა ბრენდს გადააწყვეტინა „ოისტერის“ პოტენციალის სხვა სპორტული მიმართულებებით გამოყენებაც. ასე გახდა სერ მალკოლმ კემბელი, იმ დროისთვის ცნობილი ავტომრბოლელი, Rolex-ის სახე. 1935 წელს კემბელმა 485 კმ/ს სიჩქარე განავითარა მაჯაზე Rolex-თან ერთად. კემბელმა ვილსდორფის კომპანიას მისწერა: „Rolex-ის საათები დიდი ხანია მაქვს და ისინი დროს ექტსრემალური დატვირთვის მიუხედავად, ძალიან ზუსტად ზომავენ.“ შემდეგ წლებში Rolex-ს ამ ყველაფერმა ფუნქციონალური, ინოვაციური და გამძლე საათების იმიჯი მიანიჭა.
Rolex-ის 40 წლის იუბილემდე, სულ რაღაც ერთი წლით ადრე, ვილსდორფის ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს. ჰანსის საყვარელი მეუღლე ფლორენცია მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჰანსი კვლავ ერთ-ერთი უმდიდრესი, ყველაზე წარმატებული ადამიანი იყო მსოფლიოში, თუმცა მის ცხოვრებაში სიცარიელემ დაისადგურა. სწორედ მაშინ, მან დააარსა ჰანს ვილსდორფის ფონდი და კომპანიის თავისი წილი სრულად ჩადო ქველმოქმედებაში. ეს ქველმოქმედება ჰანსის გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება.
სტატისტიკის მიხედვით, Rolex ყოველწლიურად, დაახლოებით, 700 000 – 1 000 000 მექანიკურ ქრონომეტრს აწარმოებს. ბრენდი აგრძელებს ხაზების გაფართოებას ოსტატური და შეუდარებელი საათების შექმნით, მათ შორის: Rolex Submariner, Day-Date President, Cosmograph Daytona.
