საშინელება ლიბიაში: დერნას სანაპიროზე ასობით ცხედარი იპოვეს
მალტის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო ჯგუფმა გუშინ, პარასკევს, ასობით ცხედარი იპოვა ლიბიაში, დერნას სანაპიროზე, რომელიც წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
“დაახლოებით 400 ცხედარი იყო ან მეტი, ძნელი სათქმელია”, – განუცხადა მალტის ხელმძღვანელმა ნატალინო ბეზინამ გაზეთ Times of Malta-ს.
მალტამ ოთხშაბათს შემთხვევის ადგილზე არმიისა და სამოქალაქო დაცვის სამსახურისგან შემდგარი მაშველთა 72 კაციანი გუნდი გაგზავნა.
საშინელი აღმოჩენა გააკეთა ოთხკაციანმა გუნდმა, რომლებმაც ზღვის პირას გამოქვაბულში თავდაპირველად შვიდი ცხედარი იპოვეს, მათ შორის სამი ბავშვის.
ვარაუდობენ, რომ ცხედრების ზღვაში გადასროლა მოხდა წყალდიდობის შედეგად, რომელიც გამოიწვია ძლიერმა წვიმამ, რის შედეგადაც ორი კაშხალი ჩამოინგრა და სანაპირო ქალაქის მეოთხედი წაიღო.
ბეზინამ მალტის მედიას განუცხადა, რომ სამოქალაქო დაცვის სამსახურის მცირე ჯგუფი მივიდა მღვიმეში, რომელიც ნახევრად წყლით იყო დაფარული და შიგნით ცხედრები იპოვეს.
ადგილზე მივიდნენ ლიბიური კატარღები და ჩხრეკა გაგრძელდა, ეძებდნენ მსხვერპლს და ასევე გადარჩენილებს პატარა ყურეში, რომელიც სავსე იყო ნამსხვრევებითა და ასობით გვამით.