ტაქსის მძღოლმა მგზავრი გულის შეტევით, რეკორდულ დროში გადაიყვანა საავადმყოფოში- მან მგზავრობის საფასურის აღებაზე უარი განაცხადა
რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლის, იანის კოსტას ტაქსიში ტურისტი თავის ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად ჩაჯდა და მძღოლს სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად გადაეყვანა ონასიოს კარდიოქირურგიის ცენტრში, რადგან მას გულის შეტევა განუვითარდა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.
ტაქსის მძღოლი, რომელიც იმ დროს სანაპიროზე იმყოფებოდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პოლიციას თხოვნით, გზა გაეხსნათ, რომ უსწრაფესად მიეღწია საავადმყოფომდე.
როგორც შემდეგ მან პრესას განუცხადა, პოლიციის დახმარებით 18 კილომეტრი მანძილი სულ რაღაც 8 წუთში გაიარა.
აღნიშნული მგზავრობის ამსახველ ვიდეოში გარკვევით ისმის აღელვებული ქალის ხმა, თუ როგორ ემუდარება მძღოლს რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს საავადმყოფომდე.
ტაქსის მძღოლმა ამ მომსახურებისთვის საფასურის აღებაზე უარი განაცხადა, მისი თქმით არ შეეძლო თანხა აეღო მგზავრისგან, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მრიცხველისთვის არც შეუხედავს.
მისი დამსახურებით მამაკაცს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შესაძლო ლეტალურ შედეგს გადაურჩა.