უბინასის ვულკანი იღვიძებს-სამხრეთ პერუში საგანგებო მდგომარეობაა
ოთხშაბათს პერუს მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ თემებში, რადგან ქვეყნის ყველაზე აქტიურმა ვულკანმა უბინასმა გაზების და ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო.
პერუს გეოფიზიკის ინსტიტუტის ცნობით, ვულკანის კრატერიდან ამოსულმა ვულკანურმა ფერფლმა დედაქალაქ ლიმადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 1200 კილომეტრში, 5500 მეტრ სიმაღლეს მიაღწია და გავრცელდა გარშემო დაახლოებით 10 კილომეტრ ფართობზე. აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს.
ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება, მაგრამ სამოქალაქო დაცვის ეროვნული ინსტიტუტი ემზადება საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მოსახლეობის ევაკუაცია 2019 წელს აშენებულ თავშესაფარში.
ოთხშაბათს გამოცხადებული ღონისძიება მთავრობას საშუალებას აძლევს მიიღოს განსაკუთრებული ზომები და განახორციელოს მოქმედებები ვულკანური აქტივობის რისკის შესამცირებლად. იგი დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტმა, რომელიც გუშინ შეიკრიბა პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს მეთაურობით.
სამხრეთ პერუში, სადაც მნიშვნელოვანი მაღაროებია განთავსებული, ათზე მეტი აქტიური ვულკანია. ლათინური ამერიკის ქვეყანა ასევე მდებარეობს წყნარი ოკეანის ეგრეთ წოდებულ „ცეცხლის რგოლზე“, სადაც ფიქსირდება ინტენსიური სეისმური და ვულკანური აქტივობები.