უდაბნოში ოქროთი დატვირთული, დიდი ხნის დაკარგული გემი აღმოაჩინეს
სამხრეთ- დასავლეთ აფრიკის უდაბნოში ოქროს მონეტებით დატვირთული, ხუთასი წლის წინ გაუჩინარებული გემის აღმოჩენა, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენაა.
Bom Jesus იყო პორტუგალიური ხომალდი, რომელიც ლისაბონიდან 1533 წლის 7 მარტს გავიდა და მისი ბედი უცნობი იყო 2008 წლამდე, სანამ მისი ნაშთები ნამიბიის უდაბნოში, ალმასის მოპოვების ოპერაციების დროს არ აღმოაჩინეს.
როგორც ვარაუდობენ, გემი ჩაიძირა ქარიშხლის დროს, როდესაც ის ნამიბიის სანაპიროსთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა. კლდეზე შეჯახების შედეგად კორპუსი გადაიხარა და გემი ამოტრიალდა, ხოლო როდესაც სანაპირო ზოლის წყალმა დაიწია, გემი უდაბნოში კვლავ გამოჩნდა.
მდგომარეობა, რომელშიც გემი იპოვეს, ცხადყოფს, რომ ქარიშხალი ძალიან ძლიერი იყო, თუმცა ადგილზე ადამიანთა ნაშთების არარსებობა, გარდა რამოდენიმე მომოფანტული ძვლის ფრაგმენტისა, აჩენს ვარაუდს, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის უმეტესობა გადარჩა, ან ზღვაში დაიხრჩო.
სამხრეთ აფრიკის საზღვაო არქეოლოგიური კვლრვის ინსტიტუტის მთავარი არქეოლოგის, დოქტორ ნოლის განცხადებით, აღნიშნული სანაპირო ზოლი ცნობილი იყო ძლიერი ქარიშხლებით, ამიტომ იქ დაღუპული გემის აღმოჩენა გასაკვირი არ არის.
გათხრების ჩატარების შემდეგ ადგილზე აღმოაჩინეს დიდძალი ოქროს მონეტებით დატვირთული სკივრი, ასევე ბრინჯაოს თასები, ვერცხლის მონეტები, ლითონის ნაჭრები, კომპასები, ხმლები, ასტროლოგიური ხელსაწყოები და სხვა.
დღეს Bom Jesus არის ყველაზე ძვირფასი უძველესი გემი, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე. ალმასის მომპოვებელი კომპანია და ნამიბიის მთავრობა კვლავ აწარმოებენ ერთობლივ ოპერაციას ამ მხარეში და ეს ტერიტორია დიდწილად მხედველობის არეში რჩება. დაღუპული გემის ნაშთები დაცულია კანონმდებლობით და ადგილზე მხოლოდ მნახველთა შეზღუდული რაოდენობის დაშვებაა ნებადართული.