ფართოდ გავრცელებული დამატკბობელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შესაძლოა კანცეროგენის სიაში მოხვდეს
ასპარტამი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელოვნური დამატკბობელი შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მომავალ თვეში გამოაცხადოს როგორც კანცეროგენი და კიბოს გამომწვევ ნივთიერებათა სიაში შეიტანოს, ნათქვამია Reuters-ის გუშინდელ მოხსენებაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჯანმო-ს ამ განცხადებამ შეშფოთების სერიოზული ტალღა გამოიწვია, რადგან ხელოვნური დამატკბობლები, როგორიცაა ასპარტამი ფართოდ შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში რათა შემცირდეს ჯანმრთელობის კიდევ ერთი დიდი მტერის, შაქრის მოხმარება.
ასპარტამი ყველაზე ფართოდ გამოყენებული დაბალკალორიული დამატკბობელია, ეს იგივეა, რაც შაქარი, მაგრამ მასზე 160-200-ჯერ უფრო ტკბილია, ამიტომ გამოიყენება გაცილებით მცირე რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს იგივე სიტკბოს მინიმალური კალორიებით.
ასპარტამი და სტევია არის ორი ყველაზე გავრცელებული კლასიკური დამატკბობელი.
ასპარტამი ეს არის სინთეზური დამატკბობელი, რომელიც გამოიყენება შაქრის შემცვლელად. მას შეიცავს მსუბუქი გამაგრილებელი სასმელები, დესერტები, დიეტური პროდუქტები, საღეჭი რეზინი, დამატკბობელი ტაბლეტები, მსუბუქი ნაყინები და ა.შ. ევროკავშირში ის მიეკუთვნება საკვები დანამატებს.
ასპარტამი შედგება ორი ამინომჟავისგან (ცილების სამშენებლო ბლოკები), ასპარტინის მჟავა და ფენილალანინი. სხეულში დაშლისას ის გამოყოფს ამ ორ ამინომჟავას და ძალიან მცირე რაოდენობით მეთანოლს.(რომლის მოქმედება ნეიროტოქსიკურია დიდი რაოდენობით). ექსპერტების აზრით, ეს სამი ინგრედიენტი (ასპარტინის მჟავა, ფენილალანინი და მეთანოლი) არის ბუნებრივი ინგრედიენტების სახით ბევრ საკვებში (მაგ. ხილი, ბოსტნეული, რძე) და ჩვენი ორგანიზმი უპრობლემოდ ახდენს მათ მეტაბოლიზმს.
ასპარტამის მოხმარება დაუშვებელია მათთვის, ვისაც აწუხებს ფენილკეტონურია , იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება (100000-დან 1-ში ხდება), როდესაც ორგანიზმი ვერ ახერხებს ფენილალანინის გარდაქმნას ტიროზინამდე, რაც იწვევს მის სხეულში დაგროვებას (თავის ტვინის დაზიანების რისკით). სწორედ ამიტომ, ასპარტამის შემცველ საკვებისა და სასმელის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ ისინი ფენილალანინის წყაროა.
ასპარტამს აქვს იგივე კალორიული ღირებულება, რაც შაქარს, ანუ 4 კალორია გრამზე, თუმცა ის დაახლოებით 200-ჯერ უფრო ტკბილია ვიდრე შაქარი, ამიტომ მინიმალური რაოდენობაა საჭირო საკვების ან სასმელისთვის იგივე სიტკბოს მისაცემად, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პრაქტიკულად არ აქვს კალორია (მას უწოდებენ “არაკალორიულს”).
ევანგელოს ფილოპულოსი , საბერძნეთის კიბოს საწინააღმდეგო საზოგადოების პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განმარტავს: “ბოლო წლებში დიდი კამათი მიმდინარეობს შაქრის შემცვლელად გამოყენებული დამატკბობლების კანცეროგენულ ან არაკანცეროგენულ ეფექტზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი არის ასპარტამი. წლების წინ საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ოდნავ გაზრდილი რისკი მათში, ვინც რეგულარულად მოიხმარდა ასპარტამს მათთან შედარებით, ვინც არ იღებდა, ასე რომ, არსებობს შედარებითი, მაგრამ ძალიან მცირე რისკი. მაგრამ რაზეც უნდა ვიფიქროთ არის ის, რომ შაქრის გადაჭარბებული მოხმარება ასევე კანცეროგენულია, და კიდევ ის, რომ დამატკბობლებისა და დაბალკალორიული პროდუქტების გამოყენებამ წარმატებას ვერ მიაღწია სიმსუქნის მქონე პაციენტებში. პირიქით, სიმსუქნე იზრდება. სიმსუქნეც კანცეროგენული ფაქტორია“, – ასკვნის ექსპერტი