“ღაზაში მძევლების უმრავლესობა ცოცხალია”, – აცხადებენ ისრაელის სამხედროები
ისრაელის სამხედროების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით დასტურდება, რომ ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გატაცებული მძევლების უმრავლესობა ცოცხალია.
“ღაზას სექტორში მყოფი დაახლოებით 200 მძევლიდან, 20-ზე მეტი არასრულწლოვანია, ათი-დან 20-მდე ადამიანი კი 60 წელზე მეტი ასაკის, მძევლების უმეტესობა ცოცხალია“, – თქვა ისრაელის სამხედრო სპიკერმა, რომელმაც დეტალები არ დააკონკრეტა.
ახლანდელი მონაცემებით 100-დან 200-მდე ისრაელელი ითვლება “დაკარგულად” თავდასხმის შედეგად, იმ 3000-დან, რომლებიც ომის პირველ დღეს დაითვალეს. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა იმდენად, რამდენადაც სამხედროებმა შეძლეს მათი ადგილსამყოფელის დადასტურება.
„ამ დროისთვის ისრაელის არმია კვლავ აწარმოებს ოპერაციებს ღაზას სექტორის მახლობლად ცხედრების აღმოსაჩენად“, – განმარტა სპიკერმა.
7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ჰამასის ტერორისტებმა ისრაელის მიწაზე 1400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათგან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
ისრაელის სამხედროების ცნობით ჰამასის დაახლოებით 1500 მებრძოლი დაიღუპა კონტრშეტევის შედეგად, რამაც ისრაელს საშუალება მისცა დაებრუნებინა კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა .
ღაზაში ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში მინიმუმ 3700 პალესტინელი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ისრაელის სამხედროების განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად.
