Latest news
ირაკლიო: დღეს 3 წლის ანგელოს ბიოლოგიურ მამას გამომძიებელი დაკითხავს განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა ნავპლიო: ციხეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 5 პატიმარი დაშავდა მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა ძლიერმა წვიმამ ჰალკიდიკში გზები დატბორა
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

ძალადობის შედეგად გამოწვეული ცვლილებები, რომლებიც ბავშვის ქცევაში შეინიშნება

ძალადობის შედეგად გამოწვეული ცვლილებები, რომლებიც ბავშვის ქცევაში შეინიშნება

ბავშვის უგულებელყოფისა და სასტიკი მოპყრობის გამოვლინებები დიდად არის დამოკიდებული ზემოქმედების ფორმაზე, ხანგრძლივობასა და კონკრეტულ გარემოებებზე. გარდა თვალხილული ფიზიკური დაზიანებებისა, ძალადობრივი ზემოქმედების სიმპტომები მოიცავს ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით და გაგრძელდეს ხანგრძლივი დროით.

ფიზიკური უგულებელყოფის დროს ბავშვს აქვს ცუდად ნაკვების შესახედაობა, დაღლილია, ჭუჭყიანია ან შესაძლოა არ ჰქონდეს შესაბამისი ტანსაცმელი. ისინი ხშირად აცდენენ სკოლას. უკიდურეს შემთხვევებში, ცხოვრობენ მარტო, მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად, უფროსის მეთვალყურეობის გარეშე. მოსალოდნელია ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა. გარკვეული კატეგორია მიტოვებული ბავშვებისა იღუპება დაუცველობის ან შიმშილის გამო.

ფიზიკური ძალადობა: სისხლნაჟღენთები, ნაკბენები, დამწვრობა, ნაკაწრები ან ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე წარმოადგენს ფიზიკური ძალადობის ზოგად ნიშნებს. ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები სხვადასხვა ფორმისაა და იმეორებს იმ საგნის ფორმას, რომლის ზემოქმედებითაც მიყენებულ იქნა ტრავმა, მაგ., დენის კაბელი ან ქამარი, სიგარეტის ნამწვავები კანზე, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ხელებსა და ფეხებზე. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პირის ღრუს, თავის ტვინის, თვალის ან სხვა შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებას, რომელიც არ იყოს ხილული. ბავშვს შესაძლოა შეამჩნიოთ ძველი ტრავმების კვალი, მაგ., ძვლების მოტეხილობა არასწორი შეხორცებით. ზოგჯერ ტრავმები იწვევს ბავშვის დასახიჩრებას.

ჩვილს, რომელიც განზრახ ჩააგდეს ცხელ აბაზანაში, აღენიშნება მრავლობითი დამწვრობები. ეს დაზიანებები ლოკალიზებულია დუნდულებზე და აქვს ფუნთუშების მსგავსი შესახედაობა. ცხელი წყლის მისხმა, მიშხეფება იწვევს მცირე ზომის დამწვრობებს სხვა ადგილებში.

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ძალადობის ერთ-ერთი სერიოზული ფორმაა. მშობლები ანჯღრევენ ბავშვს ტირილის, ყვირილის ან დაუმორჩილებლობის გამო, როდესაც კარგავენ მოთმინებას. შენჯღრევით გამოწვეული დაზიანებები შესაძლოა ბავშვის სიკვდილის მიზეზიც გახდეს, ხშირია თავის ტვინის ქერქის დაზიანება, რაც მოგვიანებით იწვევს სიბრმავეს, კრუნჩხვებს, პარკუჭების გაფართოებას, სისხლჩაქვევას თავის ტვინსა და ქალას შორის (სუბდურული) და ა. შ. თვალხილური დაზიანების ნიშნები იშვიათია, თუმცა საყურადღებოა: ძილიანობა, მოუსვენრობა, მადის დაკარგვა, ღებინება, თვალში სისხლჩაქცევა, ნეკნებისა და სხვა ძვლების მოტეხილობა.

ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან ძალადობრივი ზემოქმედების ქვეშ, ხშირად არიან გაღიზიანებულები, შეშინებულები, აქვთ ძილის პრობლემები, შესაძლოა ვლინდებოდეს დეპრესია და შფოთვის სხვადასხვა ფორმა. არსებობს მაღალი ალბათობა მომავალში მათი მხრიდან ძალადობის, დანაშაულებრივი ქმედების ან სუიციდის განხორციელებისა.

სექსუალური ძალადობა: დამახასიათებელია ქცევითი ცვლილებები. ეს ცვლილებები შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხდეს და იყოს უკიდურესი. მოსალოდნელია ბავშვი გახდეს აგრესიული და უპირისპირდებოდეს ირგვლივ მყოფებს, დაეწყოს შიშები და ძილის დარღვევები. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ასაკის შეუსაბამოდ იცვლის ქცევას სექსუალური კუთხით. ბავშვებს, რომლებზეც სექსუალურად ძალადობენ მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, აქვთ კონფლიქტის შეგრძნება, რადგან მათთვის ახლობელმა ადამიანმა უღალატა.

სექსუალური ძალადობისას ხშირია ფიზიკური დაზიანებების არსებობა. ბავშვებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ჩალურჯებები, ნახეთქები ან სისხლმდენი ადგილები გენიტალური ორგანოების, უკანატანის ან პირის არეებში. დაზიანებების გამო მოსალოდნელია, ბავშვს შეეცვალოს სიარულის მანერა ან გაუძნელდეს დაჯდომა. გოგონებში საყურადღებოა გამონადენი საშოდან. არის შემთხვევები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (გონორეა, ქლამიდიური ინფექცია, ზოგჯერ კი ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირება) გამოვლენისა.

ემოციური ძალადობა: ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ემოციური ძალადობის ქვეშ, აკლიათ თავდაჯერებულობა, აქვთ დაუცველობისა და შფოთვის შეგრძნება, ისინი მეტად დამოკიდებულნი არიან ოჯახის რომელიმე წევრზე და მუდმივად ითვალისწინებენ მხოლოდ მის მოთხოვნებს, არ აქვთ საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გამოხატვის უნარი. ახალშობილების შემთხვევაში, ბავშვები არანაირ ინტერესს არ იჩენენ გარემოსა და ადამიანების მიმართ, არიან ნაკლებ ემოციურნი. მათი ქცევა შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც მენტალური განვითარების შეფერხება/ინტელექტუალური უუნარობა ან ფიზიკური პათოლოგია. ბავშვებს, რომლებზეც ხორციელდება ემოციური ძალადობა, უჭირთ საზოგადოებრივი ჩვევების განვითარება, გვიან იწყებენ ლაპარაკს და აქვთ ენის დასწავლის პრობლემები. უგულებელყოფის შემთხვევებში ვლინდება დაბალი თვითშეფასების უნარი. ბავშვის ექსპლუატაციამ მოგვიანებით შესაძლოა გამოიწვიოს მისი, როგორც დამნაშავის ჩამოყალიბება ან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ტერორის ქვეშ მყოფი ბავშვები ხშირად არიან შეშინებულები და ჩაკეტილები, აქვთ უნდობლობის შეგრძნება. არასტაბილურები და თავის თავში დაურწმუნებლები, ღელავენ, რომ არ შეუქმნან უფროსებს დისკომფორტი. ბავშვის იზოლაციაში მოქცევისას იქმნება საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემები. ასეთ ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან და სხვა პირებთან ნორმალური კონტაქტის დამყარება, აკლიათ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. მოზრდილი ასაკის ბავშვებს აქვთ სკოლაში აკადემიური მოსწრების პრობლემები, არ სწავლობენ რეგულარულად ან უჭირთ ნასწავლის გადმოცემა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *