ძარცვა ლუვრში: ექსპერტები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზომების გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ
ძარცვა ლუვრში: ექსპერტები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზომების გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ
19 ოქტომბრის, კვირას დილით, პარიზის ლუვრის მუზეუმიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების ისტორიული სამეფო სამკაულების თავხედური ქურდობის ფაქტმა მსოფლიოს ყველა მუზეუმის ხელმძღვანელობა შეაშფოთა. სკანდალური, ფილმის სიუჟეტის მსგავსი ქურდობის ფაქტმა, კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საზოგადოებას თუ რამდენად დაუცველია ქვეყნების მოძრავი კულტურული საგანძური დღის საათებშიც კი.
19 ოქტომბრის შემდეგ, მთავარი კითხვა, რაც მსოფლიო ექსპერტებს და მათ შორის ბერძნებსაც აწუხებთ არის ის, თუ რამდენად დაცულია საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობა.
აღნიშნულ კითხვას აკროპოლის, ეროვნული არქეოლოგიური და ბიზანტიურ-ქრისტიანული მუზეუმის დირექტორებმა უპასუხეს: “ჩვენს ქვეყანაში აღმოჩენილი ყველა არტეფაქტის, როგორც საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმებში, ასევე საზღვარგარეთ, აღრიცხვა და დოკუმენტირება, რათქმაუნდა დაცვის თანამშრომლების სიფხიზლისა და პერსონალის დამატების პარალელურად, არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პირველი ნაბიჯი.”
შეგახსენებთ, რომ ლუვრის მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე ტურისტებისთვის არასასიამოვნო, თუმცა გარდაუვალი განცხადება გამოქვეყნდა. ლუვრი ერთი დღით დაიხურა, ხოლო მუზეუმის დახურვის მიზეზი კი, როგორც საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ განაცხადა, 19 ოქტომბერს მუზეუმის გახსნისას მომხდარი ძარცვაა.
„Le Parisien“-ის ცნობით, ძარცვაში სამი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი შენობაში სამშენებლო მოედნიდან შევიდნენ, მოძრავი სატვირთო ლიფტით ისარგებლეს, ფანჯრები ჩაამსხვრიეს და „აპოლონის გალერეაში“ შევიდნენ.
დამნაშავეებმა ნაპოლეონის სამკაულების კოლექციიდან ცხრა ნივთი მოიპარეს, მათ შორის ყელსაბამი, ბროში, დიადემა და სხვა სამკაულები.
ლუვრიდან მოპარული ერთ-ერთი ექსპონატი მუზეუმთან ახლოს იპოვეს. ლუვრი მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით ცხრა მილიონ ვიზიტორს იზიდავს.
