ძლიერი ხანძარი საღებავების ქარხანაში, ადგილობრივმა მოსახლეობამ 112-დან მიიღო შეტყობინება რომ დარჩნენ სახლებში
დღეს, გამთენიისას, ვიოტიაში მდებარე საღებავებისა და ლაქების ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 112-დან მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება გარემოში გავრცელებული ტოქსიკური კვამლის გამო შეძლებისდაგვარად მოერიდონ გარეთ გასვლას და არ გააღონ ფანჯრები.
სახანძრო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენლის განცხადებით ხანძარი გაჩნდა ქარხის იმ ნაწილში, სადაც ინახება ქიმიკატები-ნედლეული ლაქებისა და საღებავების დასამზადებლად.
ხანძარს, რომელიც დილის 06:00 საათამდე გაჩნდა, საბედნიეროდ ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეუქმნია, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო სამსახური.
კერძოდ, შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 22 მეხანძრე-მაშველი 9 ავტომობილით. დილის 09:00 საათზე გაძლიერდა ოპერატიული ძალა: 32 მეხანძრე-მაშველი 14 ავტომობილით. ხანძრის ლიკვიდაციაში მეხანძრეებს ადგილობრივი თვითმმართველობა წყლის ტანკერებით ეხმარება.
ხანძარი შორი მანძილიდან შესამჩნევია, რადგან ბუნებრივია, ქარხანაში არსებული ძლიერად აალებადი მასალების გამო სქელი კვამლი დგას, რაც სავარაუდოდ განსაკუთრებით ართულებს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ხანძარი გავრცელდა მხოლოდ ქარხნის ტერიტორიაზე და ამ დროისთვის დამწვარი ობიექტების ირგვლივ მდებარე შენობებს საფრთხე არ ემუქრება.
მთლიანად დაიწვა ქარხნის ერთი ფრთა, სავარაუდოდ დანარჩენი შენობების ხანძრისგან გადარჩენა შესაძლებელია. აღნიშნული ფრთა 800-1000 მ2 ფართობით უკვე მთლიანად განადგურებულია.
სახანძრო სამსახური იმედოვნებს, რომ ხანძარი მალე ლოკალიზდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია.