ხალკიდაში საწყობებიდან 37 ტონა ზეითუნის ზეთი მოიპარეს, ზარალმა 370 000 ევროს გადააჭარბა
ხალკიდაში ქურდებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საწყობებიდან 37 ტონა ზეითუნის ზეთი მოიპარეს, ზარალმა 370 000 ევროს გადააჭარბა.
დაზარალებულთა ადვოკატი ათანასიოს იოვანუდასი კონკრეტული პირების მიერ ზეთის მცირე ულუფებით ფარულად გაყიდვაზე აკეთებს აქცენტს.
„რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, როგორც ზეთისხილის მწარმოებლებს, აქვთ გამოცდილება, ამბობენ, რომ წარმოუდგენელია ამ რაოდენობის პროდუქტის ტრანსპორტირება შაბათ-კვირას ისე, რომ მახლობლად ვინმეს რამე არ შეემჩნია, ან ხმაური არ გაეგონა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს ზეთის მითვისების დანაშაული. ის გაყიდულია უცნობ პირებზე“, – აღნიშნა მან.
ორშაბათს რეალიზატორები მივიდნენ საწარმოში წინა მოსავლის ზეთის წასაღებად, რომელიც იქ ჰქონდათ შენახული და ავზები ცარიელი დახვდათ. აღნიშნულია, რომ ტერიტორია დაცული იყო და მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
მეორე დღეს, სამშაბათს, საწარმოს დირექტორთა საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ზეთი შაბათ-კვირას მოიპარეს, თუმცა ზეთისხილის მწარმოებლები ამ პოზიციას არ ეთანხმებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ის სხვადასხვა გზით გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყიდებოდა ბაზარზე და წელს უბრალოდ მოსავლის ჩავარდნის გამო ვერ დაფარეს დანაკლისი რაოდენობა, ამიტომ ქურდობის ფაქტიც თავისთავად გამჟღავნდა.
ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ საწარმოს ტერიტორია მდებარეობს პოლიგიროსის დასახლებაში, საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს, თუმცა ვერც ერთმა მეზობელმა ვერ შეამჩნია, ტრანსპორტის რაიმე საეჭვო მოძრაობა რაიონში მთელი შაბათ-კვირის მანძილზე, რადგან ასეთი დიდი რაოდენობით პროდუქციის გადაზიდვის პროცესს შეუძლებელია მოსახლეობის ყურადღება არ მიექცია.
