ხანძარი როდოსზე: არდადეგებიდან ჯოჯოხეთამდე-რას წერს ბრიტანელი ტურისტი
კოშმარული ღამე გაატარეს როდოსზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და ტურისტებმა, ხანძრის შედეგად დაზიანებული დასახლებები ერთმანეთის მიყოლებით ევაკუირებული იყო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გახსნა სტადიონები, გიმნაზიები და სკოლები, რათა უსაფრთხოდ დაეძინათ მათ, ვისაც დასარჩენი ადგილი აღარ აქვს.
ბრიტანელი დენ ჯონსი, რომელიც კუნძულზე დასასვენებლად იმყოფება სამ შვილთან ერთად, საკუთარ თავგადასავალზე ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს.
პატარა ბიჭების მამამ ტვიტერზე ატვირთა ევაკუაციის მომენტში ნავში მყოფი შვილების ფოტო, ხოლო უკან ჩანს ცეცხლი, რომელსაც ისინი გაექცნენ.
დენ ჯონსი წერს: „ამ დროისთვის ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ზღვაში შესვლისა და სათევზაო ნავში ჩაჯდომის შემდეგ ჩვენ საფრთხეს აღარ ვგრძნობთ. არ ვიცი, რა კვალს დატოვებს ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე შემდეგში, მაგრამ რა ვაჟკაცი ბიჭები არიან. ოჯახი ყველაფერია”.
უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულ როდოსზე ამ საგანგებო მდგომარეობამ შექმნა ადამიანთა შორის სოლიდარობის, ურთიერთთანადგომის და ემპათიის უზარმაზარი ტალღა, რათა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს პირველადი დახმარება აღმოუჩინონ და თავშესაფარი, საკვები და წყალი შესთავაზონ.
დახურული სპორტული დარბაზები, ასევე გემები და სასტუმროები ხელმისაწვდომია როდოსში ხანძრის შედეგად დაზარალებული ათასობით ტურისტისა და ადგილობრივი მაცხოვრებლის დასახვედრად.
ჩვეულებრივი მაცხოვრებლებიც კი თავიანთ სახლებს ხელმისაწვდომს ხდიან ყველასთვის, ვინც გაჭირვებაშია.
საბერძნეთის არმია ასევე ხსნის ბანაკებს როდოსში, რათა თავშესაფარი მისცეს მოქალაქეებს და ტურისტებს რომლებმაც დატოვეს სახლები და სასტუმროები როდოსზე ხანძრის თავიდან ასაცილებლად.