141 წლის შემდეგ, საგრადა ფამილიას წმინდა მახარობელთა კოშკების მშენებლობა დასრულდა
140 წელზე მეტი ლოდინის შემდეგ, ესპანეთში ბარსელონას ცნობილი “საგრადა ფამილიას” ბაზილიკის ხუთი ცენტრალური კოშკის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა.
როდესაც დასრულდება მეექვსე და ბოლო ცენტრალური კოშკი-რაც სავარაუდოდ 2026 წელს მოხდება, დასრულდება ტაძრის მშენებლობა, რომელიც 1882 წელს დაიწყო.
ტაძარი აიგო ცნობილი კატალონიელი არქიტექტორის ანტონიო გაუდის ხელმძღვანელობით, რომელმაც დააპროექტა მონუმენტური შენობა 18 უზარმაზარი კოშკით, რომელთაგან თითოეული განასახიერებს სხვადასხვა ბიბლიურ ფიგურას-12 მოციქულს, ოთხ მახარობელს, ღვთისმშობელს და იესოს.
გასულ ოთხშაბათს (27/9) ბოლო ქანდაკება განთავსდა წმინდა მათე მახარობლის კოშკზე, ერთი დღის შემდეგ იოანე მახარობლის კოშკი არწივის სახით დაგვირგვინდა, გასულ წელს კი დასრულდა წმინდა მახარობლების, ლუკას და მარკოზის კოშკების მშენებლობა.
წმინდა მახარობელთა კოშკების დასრულების აღსანიშნავად საკათედრო ტაძარში 12 ნოემბერს აღევლინება წირვა, რა დროსაც განათდება და შობამდე განათებული დარჩება ოთხივე კოშკი.
2021 წლის ბოლოს, ღვთისმშობლის 138 მეტრი სიმაღლის კოშკის თავზე უზარმაზარი, თორმეტქიმიანი ვარსკვლავი აღმართეს მისი დასრულების აღსანიშნავად. ბოლო კოშკს, რომელიც იესო ქრისტეს განასახიერებს, ექნება 172,5მეტრი სიმაღლე და დასრულდება მასზე 17 მეტრი სიმაღლის ჯვრის აღმართვით.
1926 წელს, როდესაც გაუდი გარდაიცვალა ( მისი საფლავი ტაძრის ქვეშ მდებარეობს), ტაძრის მხოლოდ 10-15% იყო აშენებული. მშენებლობა 1930-იანი წლების ბოლოს ესპანეთის სამოქალაქო ომმა შეაჩერა, როდესაც გაუდის ნახაზებისა და ესკიზების უმეტესობა განადგურდა.
ტაძრის დღევანდელი არქიტექტურული სახე ეფუძნება გაუდის გადარჩენილი ესკიზების რეკონსტრუქციულ, ორიგინალ დიზაინთან ხელახლა ადაპტირებულ მასალებს.
1984 წელს შენობა გამოცხადდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ტაძრის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა 137 წლის განმავლობაში, 2019 წლამდე, სანამ საბოლოოდ ბარსელონას საკრებულომ არ გასცა მშენებლობის ნებართვა, რადგან ხელისუფლებამ მხოლოდ 2016 წელს აღმოაჩინა, რომ დაგეგმვის ნებართვა არასოდეს ყოფილა გაცემული.
დასრულების შემდეგ “საგრადა ფამილია” გახდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტაძარი, რომელიც სიმაღლით გადააჭარბებს ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალ ულმ მიუნსტერის (Ulmer Münster) ტაძარს, რომელიც გერმანიაში მდებარეობს.