კუნძულ ზაკინთოსის ,,სევდიანი ისტორია“ 2019 წლის მიწისძვრიდან ΄2023 წლის უამინდობამდე
კუნძულ ზაკინთოსის ,,სევდიანი ისტორია“ 2019 წლის მიწისძვრიდან ΄2023 წლის უამინდობამდე
(ბრძოლა ქვეყნის ერთერთი ღირსშესანიშნაობის განადგურბისაგან დასაცავად).
კუნძულ ზაკინთოსზე, სპირილის ყურეში, ქვიშაში ,,ჩაძირული“ გემის – “პანაგიოტისის დაჟანგული ჩონჩხი“, როგორც მას 1981 წლამდე უწოდებდნენ, დღეს, კუნძულის ყველაზე ცნობილ სანაპიროზე, ქვიშის მიერ შთანთქვის საშიშროების წინაშეა.
უკვე ღირსშესანიშნაობად აღიარებული გემის დაცვაზე პასუხისმგებელმა კომპეტენტურმა ორგანოებმა, წლების განმავლობაში, ბედის ანაბარა, ყოველგვარი მოვლის გარეშე მიატოვეს ის.
სანაპიროზე გამორიყული, დაღუპული გემი, ზაკინთოსზე ტურიზმის აყვავების კიდევ ერთი, მთავარი ფაქტორი გახლდათ.
კუნძულზე, 2019 წელს მეწყერის ჩამოწოლამდე ამ ადგილს, ყოველდღიურად 4000 ტურისტი სტუმრობდა, თუმცა ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე საბერძნეთის ყველაზე ცნობილი სანაპირო, სტიქიური მოვლენების გამო დაიხურებოდა და უამრავ საინვესტიციო პროექტის ჩაშლასთან ერთად, 43 წლის წინ დაღუპული ,,პანაგიოტისი“, ყველასაგან მივიწყებული აღმოჩნდებოდა…
გემზე არასოდეს ჩატარებულა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, რაც მასზე მზრუნველი მხარეების დანაშაულებრივ გულგრილობაზე მეტყველებს.
ბოლოდროინდელი ექსტრემალური ამინდის ფენომენით გამოწვეული უზარმაზარი ტალღები, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, დაუნდობლად „ამათრახებს“ გემს. კოროზია, დაჟანგვა, დაზიანებები, და ყველა დაინტერესებულ მხარეთა გულგრილობა ნელ-ნელა აქრობს “პანაგიოტისს”, რაც აღშფოთებას იწვევს იონიის კუნძულის მოსახლეობაში.
გასულ ზაფხულს სანაპირო დაკეტილი იყო ვიზიტორებისთვის, რომლებსაც მისი ფოტო, თუ ვიდეო გადაღება მხოლოდ შორიდან შეეძლოთ. ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროფესორის ეფთიმიოს ლეკასის შეფასებით, ისტორიული გემის დაღუპვის ადგილი, მეწყრის საშიშროების გამო, საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროფესორის ხელმძღვანელობით, 2023 წლის 8 მარტს სამეცნიერო ჯგუფმა ჩაატარა გადაუდებელი აუტოფსია ბუნებრივი მოვლენების ისეთი რისკების შესაფასებლად, როგორიცაა მიწისძვრა, ნალექი და ნიადაგის ეროზია.
კვლევამ, რომელიც ეყრდნობოდა მაკროსკოპულ დაკვირვებებს და საველე გაზომვებს, ასევე ფერდობების რუკების შედგენას, სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით, აჩვენა რომ აღნიშნული ადგილის ფართო არეალში არის სეისმურობის მაღალი დონე. შედეგად, სუსტი – 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრამაც კი შეიძლება გამოიწვიოს კლდეების ჩამოვარდნა და მეწყერი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაკინთოსის სანაპიროს თავდაპირველი მართვის კომიტეტი გაუქმდა და კომპეტენტური სამთავრობო ორგანოები, სანაპიროსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობის – ,,პანაგიოტისის“ გადარჩენისათვის , მუნიციპალიტეტის მიერ შემოთავაზებული წინადადებებისა და აუცილებელი ქმედებების მოლოდინშია.