5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველ წელს, 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
გარემოს დაცვა სახალხო დამცველის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ როგორც საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში. ამ მიმართულებით აპარატის მიერ გამოკვეთილი გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტიანი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
სახალხო დამცველი გამოწვევად მიიჩნევს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების – ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, საავტომობილო გზების, ნაგავსაყრელების, საპორტო ტერმინალების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების რეალური ჩართულობა და ამომწურავი პასუხები გაეცეს ლეგიტიმურ კითხვებს, მათ შორის პროექტების უსაფრთხოებასთან და სარგებლიანობასთან მიმართებით. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ფართო საზოგადოებრივ ნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტები, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, სუფთა ჰაერზე უფლების სრულფასოვანი რეალიზების საკითხი ჯერ კიდევ პრობლემურია. სათანადოდ კვლავ არ რეგულირდება დაბინძურება სამრეწველო სექტორიდან. პრობლემად რჩება ასევე მოსახლეობის წვდომა გამწვანებულ საჯარო სივრცეებზე.
სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს რაც შეიძლება დროულად შეიქმნას კომპლექსური საკანონმდებლო გარანტიები, რომელთა მიზანიც გარემოსათვის ზიანის მიყენების პრევენცია და ხოლო ზიანის არსებობისას მისი რეალური გამოსწორება იქნება. აღნიშნულის გადაუდებელ საჭიროებას მოწმობს გარემოსათვის მიყენებული ზიანთან დაკავშირებული მასშტაბური მონაცემები.
