კიფსელი: ბავშებმა იცოდნენ რომ საყინულეში ჩვილის ცხედარი იდო
კიფსელი: ბავშებმა იცოდნენ რომ საყინულეში ჩვილის ცხედარი იდო
ათენში, კიფსელზე მდებარე სახლში აღმოჩენილი ჩვილი ბავშვის ცხედრის საქმეზე ოჯახის 3 არასრულწლოვანი შვილის: 9,12 და 15 წლის ბავშვების დაკითხვა დასრულდა. ბავშვებმა განაცხადეს, რომ საქმის დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ჩვილი გარდაცვლილი იყო და მისი ცხედარი საყინულეში ჰქონდათ მოთავსებული.
საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოძიება ამ ეტაპზე სერიოზულად განიხილავს ვერსიას, რომ ბავშვები იმ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, როდესაც ჩვილი გარდაიცვალა. ამასთან, სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება ოჯახის არასრულწლოვანი ქალიშვილი, რადგან გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ მას შესაძლოა იმაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, ვიდრე გამოძიებას ეუბნება.
საქმეზე დაკავებული სამი პირი: 43 წლის მამაკაცი, 38 წლის ქალი და 26 წლის მამაკაცი, რომელიც წყვილის არასრულწლოვანი ქალიშვილის პარტნიორია კვლავ წარდგნენ გამომძიებლის წინაშე. მათი ახალი დაკითხვა ბავშვების ჩვენებების შემდეგ გაიმართა. არასრულწლოვანთა გამოკითხვას ბავშვთა ფსიქოლოგი ესწრებოდა.
43 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი, ისევე როგორც 26 წლის ავღანელი მამაკაცი, უკვე პატიმრობაში იმყოფებიან ნარკოდანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით.
43 წლის ბრალდებული ამტკიცებს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი თქმით, ჩვილს ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემა და თიაქარი ჰქონდა.
მისი მონაყოლის მიხედვით, ოჯახი მისაღებ ოთახში სადილობდა, როდესაც ბავშვის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. ბრალდებული აცხადებს, რომ ბავშვის დახმარებას ცდილობდა, თუმცა ჩვილი გარდაიცვალა.
განსაკუთრებით საყურადღებოა მისი განმარტება ჩვილის სხეულზე აღმოჩენილ დანით მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მას ბავშვისთვის დაზიანებები განზრახ არ მიუყენებია და დანას მხოლოდ ყინულის მოსაშორებლად იყენებდა.
მისი თქმით, ოჯახმა ბავშვის ცხედარი მოგვიანებით ჩემოდანში მოათავსა, რადგან ეშინოდა, რომ პოლიცია ოჯახის სხვა, არარეგისტრირებულ ბავშვებსაც წაიყვანდნენ.
38 წლის გერმანიის მოქალაქე ქალი კი ბრალდებებს სრულიად უარყოფს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა. მისი თქმით, ბავშვის გარდაცვალება ოფიციალურად არ განუცხადებია, რადგან სურდა, ჩვილი მასთან დარჩენილიყო. ნარკოტიკებთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა.
გამოძიება ამ ეტაპზე აგრძელებს საქმის ყველა გარემოების შესწავლას.
