ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში მიკროპლასტიკები აღმოაჩინეს
ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში მიკროპლასტიკები აღმოაჩინეს
ლარისის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პულმონოლოგიური კლინიკისა და თესალიის უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტის კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების ფილტვებში მიკროპლასტიკის რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებსაც დაავადება არ დაუდგინდათ.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ შედეგები არ ადასტურებს მიკროპლასტიკსა და ფილტვის კიბოს შორის მიზეზობრივ კავშირს. სპეციალისტების განცხადებით, ფილტვის კიბოს გამომწვევ მთავარ ფაქტორად კვლავ მოწევა რჩება.
მიკროპლასტიკის ნაწილაკები წარმოიქმნება პლასტმასის ბოთლების, ჩანთების, სინთეზური ქსოვილებისა და სხვა მასალების ცვეთის შედეგად. ისინი ორგანიზმში, ძირითადად, სუნთქვის გზით ხვდება და შესაძლოა ფილტვების ღრმა ნაწილებამდე, მათ შორის ალვეოლებამდე, მიაღწიოს.
ლარისის კვლევის შედეგები ბარსელონაში წარადგინეს და მათ ევროპული პულმონოლოგიური საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის მიკროპლასტიკი ფილტვის უჯრედებზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მკვლევრების თქმით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს საჭიროა მეტი მონაცემის დაგროვება და მიკროპლასტიკის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების საფუძვლიანი შესწავლა.
