საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: 2030 წლისთვის საბერძნეთს უძლიერესი შეიარაღებული ძალები ეყოლება
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: 2030 წლისთვის საბერძნეთს უძლიერესი შეიარაღებული ძალები ეყოლება
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა თავდაცვის სამინისტროს განახლებული შენობის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანას შესაძლოა საბერძნეთის ისტორიაში უძლიერესი შეიარაღებული ძალები ჰყავდეს.
მინისტრის განცხადებით, სამხედრო სფეროში ტექნოლოგიურმა პროგრესმა თავდაცვის სისტემების ძირეული რეფორმა აუცილებელი გახადა. ამ მიზნით, 2024 წლიდან ხორციელდება „დღის წესრიგი 2030“, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
ღონისძიებაზე ასევე გაიხსნა თავდაცვის სამინისტროს შენობის განახლებული ჩრდილოეთი ფასადი, რომელიც არქიტექტორ კოსტას ვაროცოსის პროექტით განხორციელდა. სამუშაოები პირეოსის ბანკის მიერ გაღებული 10 მილიონი ევროს შემოწირულობით დაფინანსდა. პროექტი მოიცავს შენობის ბიოკლიმატურ განახლებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას.
დენდიასმა აღნიშნა, რომ სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დაახლოებით 130 მილიონი ევროს შემოწირულობა, ხოლო ბერძენ გემთმფლობელთა კავშირს სამხედრო ფლოტის შესაძლებლობების გასაძლიერებლად დამატებით 250 მილიონი ევროს დახმარება სთხოვა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების წარმატებით გაგრძელება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.
