ხანძარი: ზაფხულში 1,2 მილიონ ჰექტარზე მეტი დაიწვა-მეცნიერები წყალდიდობის შემაშფოთებელ რისკებზე საუბრობენ
სამეცნიერო საზოგადოება შეშფოთებას გამოხატავს საბერძნეთში გაჩენილ დამანგრეველ ხანძრებთან დაკავშირებით, რომლებმაც უკან უზარმაზარი დამწვარი ტერიტორიები დატოვეს.
ევროპის ობსერვატორიის მონაცემებით, ამ ზაფხულს საბერძნეთში 1,250,000 ჰექტარი ტყე დაიწვა, კონკრეტულად კი 520,000 ჰექტარი ივლისში და 730,000 ჰექტარი აგვისტოში.
გეოლოგიის პროფესორის, ეფთიმიოს ლეკკასის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ხანძრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში დატბორვის საფრთხე არსებობს.
„ევროსში წყალდიდობის რისკი მცირეა, ტერიტორიის გეოგრაფიიდან გამომდინარე. როდოსში წყალდიდობის რისკი საშუალოა, ხოლო ატიკის რეგოინში რისკი გაზრდილია პარნითას დამწვარი ტერიტორიის გამო.
“რისკი ძალიან დიდია, რადგან ჩვენ გვექნება არა მხოლოდ წყლის მარტივი ჩამონადენი, არამედ წყლის ნაკადთან ერთად მოხდება დიდი რაოდენობით ნიადაგის მანტიის და დამწვარი მასალების ტრანსპორტირება”-განაცხადა მან.
რაც შეეხება დადიას ტყის ხანძრის შედეგებს- სპეციალისტთა პროგნოზით, ექვს დღეში განადგურებული ტყის აღდგენას ათწლეულები დასჭირდება და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ამისთვის აუცილებელი პირობები და ზომები.
ფაქტობრივად, დადიას ტყეში ნგრევის მასშტაბები ჯერ ბოლომდე არ არის დაფიქსირებული, რადგან ბრძოლა ცეცხლოვან ფრონტთან ევროსში ჯერ კიდევ გრძელდება.
შეფასებების გაკეთებისას საუბრობენ ევროსის ფართო ტერიტორიაზე დამწვარ დაახლოებით 738,400 ჰექტარზე, საიდანაც 133,000 ჰექტარი ეკუთვნის დადია-ლევკიმის-სუფლიუს ტყის ეროვნულ პარკს.
„ეს არის ყველაზე დიდი ხანძარი, რომელიც დაფიქსირდა ევროკავშირში, ანუ 1957 წლიდან“, – განაცხადა ეთნობიოლოგმა პავლოს გეორგიადისმა ERT Orestiadas-თან საუბრისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო ეკოლოგიური კატასტროფა.
როგორც მან განმარტა, „ევროპის სამოქალაქო დაცვის გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ დამწვარია დაახლოებით 735 000 ჰექტარი, საიდანაც 75%-ზე მეტი, ანუ სამი მეოთხედი ნატურა 2000 ქსელის ფარგლებშია. ხანძარმა დაწვა დაცული ტერიტორიები, ფართოფოთლოვანი ტყეები, წიწვოვანი და შერეული ტყეები, ასევე გარდამავალი ტყეები (წინა ხანძრის შედეგად აღდგენილი), ასე რომ, საუბარია უპრეცედენტო ეკოლოგიურ კატასტროფაზე“.
ამ დროისთვის ბრძოლა გრძელდება ცეცხლის ფრონტებზე პარნითაში, ევროსსა და ვიოტიაში. სურათი, როგორც ცნობილი გახდა სახანძრო დეპარტამენტიდან, უკეთესია და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყველაზე აქტიურ ფრონტებზე.
სახანძრო დეპარტამენტის ძალები მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდნენ ხანძრის ყველა ფრონტზე ხელახალი გაჩენის შესაჩერებლად.
