Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს
Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს
საბერძნეთის პოლიციამ ათენის გარეუბან ეკალიში მდებარე Pizza Fan-ის ქსელის მფლობელის ვილაში მილიონ ევროზე მეტი ნაღდი ფული და ძვირფასეულობა აღმოაჩინა. კომპანიის მფლობელს 25 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადებისგან თავის არიდებაში ედება ბრალი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულს სამალავი ვილაში არსებული გარდერობის უკან ჰქონდა მოწყობილი.
პოლიციის ცნობით, საქმესთან დაკავშირებით 22 პირია დაკავებული. შემოწმდა Pizza Fan-ის ქსელის სამი ობიექტი სალონიკში და 20 ათენში. გამოძიების თანახმად უკანონო სქემა 2022 წლიდან მოქმედებდა. კომპანია საბერძნეთის მასშტაბით დაახლოებით 140 ობიექტს აერთიანებს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ გადასახადებისგან თავის არიდების სქემის ორგანიზება: ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლებს შეკვეთებს შესაბამისი ქვითრების გაცემის გარეშე აწვდიდნენ, ხოლო გაყიდვებს სისტემაში „გამასპინძლებად“ აღრიცხავდნენ.
დაკავებულთა შორის არიან Pizza Fan-ის მფლობელი კონსტანტინოს ანტარასი, კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბუღალტრები, პროგრამისტი და ფილიალების მმართველები.
ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს მილიონ ევროზე მეტი თანხა, ძვირფასეულობა, ძვირადღირებული ავტომობილები და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. გამოძიება საგადასახადო დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით გრძელდება.
