აფეთქება პლაკაზე: ექსპერტების დასკვნა სასამართლოს გადაეცა
აფეთქება პლაკაზე: ექსპერტების დასკვნა სასამართლოს გადაეცა
ათენის ისტორიულ უბანში პლაკაზე მომხდარი ძლიერი აფეთქებისა და შენობის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო ექსპერტებმა პასუხისმგებლობა ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიასაც დააკისრეს.
ტელეკომპანია ANT1-ს ინფორმაციით, ექსპერტებმა ტასოს და ხრისტოს დედესებმა გამოძიება დაასრულეს და სასამართლოს მრავალგვერდიანი დასკვნა გადასცეს.
დასკვნის თანახმად, ბუნებრივი აირის დანადგარი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ იყო დამონტაჟებული. კერძოდ, დანადგარი შენობის შიდა სივრცეში, კიბის უჯრედში იყო განთავსებული და სათანადო სავენტილაციო სისტემა არ გააჩნდა.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ დანადგარი შენობის გარეთ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული.
მათივე შეფასებით, ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიას ჯერ კიდევ 2015 წლიდან უნდა შეემოწმებინა არსებული მონტაჟის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ იმავე შენობაში გაზის გაჟონვის შემთხვევები მანამდეც, ორჯერ: 2009 და 2011 წლებში დაფიქსირებულა.
ექსპერტების დასკვნას თან ერთვის თავად მიმწოდებელი კომპანიის მიერ ჩატარებული შემოწმების დოკუმენტიც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დანადგარს სავენტილაციო სივრცე სჭირდებოდა. შესაბამისად, ამ პრობლემის არსებობა კომპანიისთვის ჯერ კიდევ მანამდე იყო ცნობილი.
რაც შეეხება აფეთქების უშუალო მიზეზს, ექსპერტების დასკვნა სრულად ემთხვევა სახანძრო სამსახურის სპეციალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს.
მათი ვერსიით, საბედისწერო გაზის გაჟონვა სპილენძის მილების მოპარვას უკავშირდება. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია სამი პირი, რომელთა ქმედებამ გაზსადენის დაზიანება და შემდგომი აფეთქება გამოიწვია.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზი კორპუსში 1992 წელს გაიყვანეს, როდესაც სხვა საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებდა.
მათი განმარტებით, იმდროინდელ კიბის უჯრედში, სადაც გაზის მრიცხველი იყო განთავსებული, გარკვეული ტიპის სავენტილაციო სივრცე არსებობდა.
საქმის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ექსპერტების დასკვნამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც კონკრეტული ტრაგედიის გამოძიებაზე, ისე ძველი საცხოვრებელი სახლების გაზის სისტემების უსაფრთხოების საკითხზე.
