„ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ – აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის ჩვილის მშობლები
„ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ – აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის ჩვილის მშობლები
ქალაქ პატრაში, ოთხი თვის ჩვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით დაკავებულმა მშობლებმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ ბავშვის მდგომარეობა არასაკმარის კვებას კი არა, მის მეტაბოლიზმს უკავშირდებოდა. თუმცა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორივე მშობელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც ბერძნული მედია Tempo24 იუწყება, მშობლები უარყოფენ, რომ მათი შვილი არასაკმარისად იკვებებოდა და ამტკიცებენ, რომ ბავშვის მძიმე მდგომარეობა ორგანიზმის მეტაბოლიზმით იყო გამოწვეული.
21 წლის მამასა და 26 წლის დედას, რომლებსაც კიდევ ექვსი შვილი ჰყავთ, ბრალი ედებათ უმოქმედობით, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობასა და ოჯახში ძალადობაში. დაკითხვის შემდეგ მოსამართლემ და პროკურორმა ორივე მათგანის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვიტილება მიიღეს.
რაც შეეხება ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია: ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და პატრას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებაც დატოვა. ამჟამად იგი კარამანდანიოს ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შემთხვევა 11 ნოემბრის გამთენიისას გახდა ცნობილი, როდესაც ოთხი თვის ბიჭი პატრაში, ეღლიადას დასახლებაში მდებარე ბანაკიდან კარამანდანიოს ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვილი ჰიპოგლიკემიურ კომაში იმყოფებოდა.
ბავშვის მდგომარეობის სიმძიმის გამო იგი რიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი ინტუბაცია განახორციელეს.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დაადგინა, რომ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მშობლების მხრიდან სისტემატურ შიმშილობას უკავშირდებოდა.
ამასთან, პატრას სასამართლო-სამედიცინო სამსახურის დავალებით დანიშნულია ექსპერტიზა, რომელმაც ბავშვის დაზიანებები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი გარემოებები უნდა შეისწავლოს.
