გამოძიება ვარაუდობს, რომ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზი ნივთერებების კოქტეილი გახდა
გამოძიება ვარაუდობს, რომ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზი ნივთერებების კოქტეილი გახდა
ბერძენი მომღერლის, გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ მის ორგანიზმში რვა ნივთიერება გამოავლინა. საქმის მასალების თანახმად, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ორი ძლიერი პრეპარატი: პროპოფოლი და მიდაზოლამი, რომელთა ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა სუნთქვის გაძნელების რისკი გაზარდოს.
მომღერლის ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტის შეფასებით, სწორედ ამ პრეპარატების კომბინაციას შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა მის გარდაცვალებაში. გამოძიების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გამოყენებული იქნა ფლუმაზენილი, მიდაზოლამის მოქმედების საწინააღმდეგო პრეპარატი. პროპოფოლს კი სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია.
საქმეზე გამოძიება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა კონცენტრირებული: რატომ გამოიყენეს აღნიშნული პრეპარატები კერძო კაბინეტში, საიდან მოხდა მათი მომარაგება და რამდენად დროულად მიაწოდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ინფორმაცია პაციენტისთვის ჩატარებული პროცედურებისა და შეყვანილი მედიკამენტების შესახებ. მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებული ექიმების შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება.
ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ ასევე გამოავლინა ოლანზაპინი და არიპიპრაზოლი, რომლებიც ფსიქიატრიულ პრაქტიკაში გამოიყენება, კოკაინი და მისი მეტაბოლიტი ბენზოილეკგონინი, აგრეთვე ლიდოკაინი, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. გამოძიება სხვა ლაბორატორიული კვლევების ოფიციალურ პასუხებსაც ელოდება.
გამოძიების მთავარი მიმართულებებია პრეპარატების გამოყენების კანონიერების დადგენა, მათი მომწოდებლების გამოვლენა და იმის გარკვევა, შეიძლებოდა თუ არა სამედიცინო დახმარების განსხვავებულად გაწევას მომღერლის გადარჩენის შანსები გაეზარდა. საბოლოო დასკვნები და პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისი საგამოძიებო და სასამართლო პროცედურების შედეგად უნდა დადგინდეს.
