გიორგოს მაზანაკისის ექიმი განცხადებას ავრცელებს
გიორგოს მაზანაკისის ექიმი განცხადებას ავრცელებს
ცნობილი მომღერლის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მთავარი ყურადღება ათენის, კერძპდ კოლონაკში მდებარე Stem Cell-ის სამედიცინო ცენტრისკენ არის მიმართული. სწორედ ამ დაწესებულებაში იმყოფებოდა 54 წლის მომღერალი 9 სექტემბერს, სადაც დაგეგმილი პლაზმოფერეზის პროცედურა უნდა ჩატარებოდა.
კლინიკის ინფორმაციით, პროცედურისთვის მომზადების დროს, მას შემდეგ, რაც ვენური კათეტერი დაუყენეს, მაზონაკისმა ძლიერი ტკივილი იგრძნო გულმკერდის არეში. ტკივილის შეგრძნებიდან მომღერალს მალევე გული გაუჩერდა. კლინიკის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს რეანიმაციული ღონისძიებები, რომლებიც შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და საავადმყოფო „ელპისის“ ექიმებმა გააგრძელეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიების ფარგლებში კლინიკის მფლობელი ექიმი და მისი მეუღლე, ასევე ექიმი, პოლიციაში დაკითხეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, კლინიკის ექიმმა პოლიციასთან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგოს მაზონაკისი გადაღლილი და აღგზნებული იყო და მათ დაგეგმილ კონცერტამდე დაახლოებით 20 დღით ადრე მიმართა. ექიმის თქმით, სწორედ მან შესთავაზა მომღერალს პლაზმოფერეზის ჩატარება.
კლინიკის მფლობელმა კი, გავრცელებული ინფორმაციით, უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მომხდარში და განაცხადა, რომ დაწესებულების საქმიანობას, მკურნალობასა და პაციენტების მეთვალყურეობას მისი მეუღლე უწევდა.
მათი ადვოკატის, ნიკოს აღაპინოსის, განცხადებით, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს, არსებობდა თუ არა კავშირი მომღერლის გარდაცვალებასა და ჩატარებულ სამედიცინო პროცედურას შორის.
პლაზმოფერეზი სამედიცინო პროცედურაა, რომლის დროსაც პაციენტის სისხლი სპეციალურ აპარატში გადის. აპარატი პლაზმას სისხლის უჯრედებისგან გამოყოფს, პლაზმის ნაწილი ორგანიზმიდან იშლება, ხოლო სისხლის უჯრედები სპეციალურ შემცვლელ სითხესთან ერთად პაციენტს უბრუნდება.
პროცედურა გამოიყენება გარკვეული ჰემატოლოგიური, ნევროლოგიური, თირკმლისა და ავტოიმუნური დაავადებების დროს. მისი მიზანია სისხლიდან კონკრეტული პათოლოგიური ნივთიერებების, მათ შორის გარკვეული ანტისხეულებისა და ცილების, მოცილება.
მიუხედავად იმისა, რომ პლაზმოფერეზი აღიარებული მკურნალობის მეთოდია, ის ჩვეულებრივ მოითხოვს სპეციალურ აპარატურას, შესაბამის მომზადებას, პაციენტის მუდმივ მონიტორინგს და გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარების შესაძლებლობას.
პროცედურის შესაძლო გართულებებს შორისაა არტერიული წნევის დაქვეითება, კალციუმის დონის ცვლილება, ალერგიული რეაქციები, სისხლდენა, ინფექცია და გულის რიტმის დარღვევა.
საქმეში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა ჰქონდა თუ არა კლინიკას შესაბამისი აღჭურვილობა და ნებართვა აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად. საბერძნეთის ხელისუფლებისა და ათენის სამედიცინო ასოციაციის ინფორმაციით, მოწმდება, ჰქონდა თუ არა კონკრეტულ დაწესებულებას პლაზმოფერეზის ჩასატარებლად საჭირო ლიცენზია და აკმაყოფილებდა თუ არა შესაბამის სამედიცინო მოთხოვნებს.
ჯანდაცვის მინისტრმა ადონის ღეორღიადისმა განაცხადა, რომ დაწესებულებას, არსებული ინფორმაციით, უბრალო პათოლოგიური კაბინეტის მუშაობის ნებართვა ჰქონდა, რის გამოც უნდა დადგინდეს, შეიძლებოდა თუ არა იქ პლაზმოფერეზის ჩატარება.
ამასთან, პროკურატურამ დამატებითი მასალების შეგროვება მოითხოვა როგორც მაზონაკისის გარდაცვალების გარემოებების, ისე ჩატარებული პროცედურის კანონიერებისა და პირობების დასადგენად.
გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმის გარკვევაც, დაიწყო თუ არა უშუალოდ პლაზმოფერეზის პროცედურა, თუ მომღერალი ჯერ კიდევ მხოლოდ მომზადების ეტაპზე იმყოფებოდა. ასევე უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი კლინიკაში ჩატარებულ სამედიცინო მოქმედებებსა და მისთვის ფატალური შედეგით დასრულებულ გულის გაჩერებას.
საბოლოო პასუხს ამ კითხვებზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოძიების მიერ მოპოვებული სამედიცინო მტკიცებულებები გასცემს.
