მეცოვოს ოდესღაც 4 000 მოსახლე ჰყავდა, ახლა მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდა
მეცოვოს ოდესღაც 4 000 მოსახლე ჰყავდა, ახლა მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდა
საბერძნეთის ცნობილი მთიანი სოფელი მეცოვო, რომელიც ტრადიციული ყველითა და ტურისტული მიმზიდველობით გამოირჩევა, დემოგრაფიული კრიზისისა და მეცხოველეობის შემცირების პრობლემის წინაშე დგას.
მეცოვოს მერის, მარია-ქრისტინა ავეროვის განცხადებით, დასახლებაში ადრე დაახლოებით 4 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი მათი რაოდენობა 1 200-მდე შემცირდა. მუნიციპალიტეტის დანარჩენ ათ სოფელში კი დაახლოებით 2 000 მაცხოვრებელია დარჩენილი, რომელთა უმეტესობა 70 წელს გადაცილებულია.
მნიშვნელოვნად შემცირდა მეცხოველეობაც: თუ რამდენიმე წლის წინ რეგიონში დაახლოებით 30 000 ცხვარი იყო, დღეს მათი რაოდენობა მხოლოდ 5 000-ს შეადგენს. ეს ადგილობრივ ეკონომიკას აზარალებს და ახალგაზრდების სოფლებიდან გადინებას უწყობს ხელს. სოფელ მიალიაში კი მოსწავლეების არარსებობის გამო დაწყებითი სკოლა დაიხურა.
მერი მთავარ პრობლემებად დაბალ შობადობას, ინფრასტრუქტურის ნაკლებობასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შეზღუდულ შესაძლებლობებს ასახელებს. მისი აზრით, მოსახლეობის დაბრუნებისთვის მხოლოდ 10 000 ევროიანი სახელმწიფო დახმარება საკმარისი არ არის, საჭიროა უფრო ეფექტიანი მხარდაჭერა და მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება.
„არ გვინდა, მუზეუმად ქცეული სოფელი ვიყოთ. გვინდა, ცოცხალი სოფელი გვქონდეს“, – აცხადებს მერი და ხაზს უსვამს, რომ რეგიონის მომავალი მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
