ნიკეას მიტროპოლიტიმ გიორგოს მაზონაკისზე ისაუბრა
ნიკეას მიტროპოლიტიმ გიორგოს მაზონაკისზე ისაუბრა
ნიკეას წმინდა სამების ტაძარში მომღერალ გიორგოს მაზონაკისის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. მსახურების დროს ნიკეასა და კალითეას მიტროპოლიტმა ალექსიოსმა მომღერლის პიროვნებაზე, შემოქმედებით გზაზე, რწმენასა და ქველმოქმედებაზე ისაუბრა.
მიტროპოლიტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაზონაკისის თანაგრძნობის უნარზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრებისეულ სირთულეებს აწყდებოდნენ. მისი თქმით, მომღერალი გაჭირვებულებს ჩუმად, ყოველგვარი საჯაროობისა და რეკლამის გარეშე ეხმარებოდა და ცდილობდა, მათთვის იმედი და ღიმილი დაებრუნებინა.
„ის სიჩუმეს ხმას აძლევდა და ადამიანის სულის დაფარულ გრძნობებს ფორმას სძენდა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა და ხაზი გაუსვა, რომ მაზონაკისის სიმღერები მსმენელთა გულებს ეხებოდა, აფიქრებდა ადამიანებს და სიყვარულითა და სიკეთით სავსე ცხოვრებისკენ მოუწოდებდა.
სიტყვით გამოსვლისას ალექსიოსმა გაიხსენა აგრეთვე მომღერლის ღრმა კავშირი ეკლესიასთან და მისი თავმდაბლობა. მან მოიშველია ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის, იერონიმეს სიტყვებიც, რომლის თანახმად, მაზონაკისს განსაკუთრებულად მგრძნობიარე სული ჰქონდა, ხოლო ღვთისგან ბოძებული ნიჭითა და გულწრფელობით ხალხის სიყვარული დაიმსახურა.
მიტროპოლიტმა ყურადღება გაამახვილა პატიების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ მომღერალი ახლობლებთან შეცდომების აღიარებასა და ბოდიშის მოხდას არ ერიდებოდა.
გამოსამშვიდობებელი სიტყვის დასასრულს მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის ნამდვილი ხსოვნა ცოცხალი ადამიანების გულებში რჩება და გიორგოს მაზონაკისის შემოქმედება და სიკეთე საზოგადოებას დიდხანს ემახსოვრება.
„კურთხეული იყოს მისი გზა მარადიული ნათელისკენ“, – ამ სიტყვებით დაასრულა მიტროპოლიტმა სამძიმრის სიტყვა და გარდაცვლილის სულის მოსვენებისა და მისი ოჯახის წევრების ნუგეშისთვის ილოცა.
