პრემიერის ახალი პაკეტი: დახმარება ბავშვებს, ოჯახებს და ახალი საცხოვრებელი პროგრამა
პრემიერის ახალი პაკეტი: დახმარება ბავშვებს, ოჯახებს და ახალი საცხოვრებელი პროგრამა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ΔΕΘ-ის ფარგლებში ახალი სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების პაკეტი წარადგინა. ინიციატივები ძირითადად სამ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება: დემოგრაფიულ მდგომარეობას, ცხოვრების ღირებულების გაძვირებასა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას.
2027 წლის იანვრიდან მშობლებს ბავშვის დაბადებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში შეეძლებათ სპეციალური საინვესტიციო-შემნახველი ანგარიშის გახსნა.
მშობლის მიერ შეტანილ თანხას სახელმწიფო იმავე ოდენობით დაამატებს, მაქსიმუმ 1 200 ევროს წელიწადში. მაგალითად, თუ მშობელი ყოველთვიურად 100 ევროს შეიტანს, სახელმწიფო დამატებით 100 ევროს დაამატებს.
ანგარიშიდან თანხსი მოხსნას ბავშვი მას შემდეგ შეძლებს, რაც 18 წლის ასაკს მიაღწევს. თუ ყოველთვიურად ჯამში 200 ევრო დაგროვდება, 18 წლის განმავლობაში შენატანების საერთო მოცულობა 43 200 ევრო იქნება. საინვესტიციო შემოსავლების გათვალისწინებით, საბოლოო თანხამ შესაძლოა 60 000 ევროსაც გადააჭარბოს.
2027 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით 87 000 სამშვილიანი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 20 000 ევრომდეა, საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.
მაგალითად, სამშვილიანი ოჯახის უფროსი, რომლის წლიური შემოსავალი 20 000 ევროა, დღეს დაახლოებით 620 ევროს გადასახადს იხდის, ხოლო ახალი სისტემით ეს თანხა აღარ დაეკისრება.
მეოთხე და ყოველი მომდევნო ბავშვისთვის სპეციალური დახმარება 1 000 ევროთი გაიზრდება.
მაგალითად:
- მეოთხე ბავშვის შემთხვევაში დახმარება 3 500-ის ნაცვლად 4 500 ევრო გახდება;
- მეხუთე ბავშვის შემთხვევაში – 5 500-ის ნაცვლად 6 500 ევრო.
ეს ცვლილება გავრცელდება 2026 წლის იანვრიდან დაბადებულ ბავშვებზეც, თუმცა ჯერ დასაზუსტებელია, უკვე მიღებული დახმარების შემთხვევაში სხვაობა ავტომატურად გაიცემა თუ ახალი განაცხადის შეტანა იქნება საჭირო.
2027 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარებები ავტომატურად უნდა კორექტირდეს ფასების ზრდის შესაბამისად. თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება დახმარება, მოგვიანებით განისაზღვრება.
მთავრობის მიზანია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ღირებულება დაახლოებით 30%-ით შემცირდეს.
პირველი ნაბიჯი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება: საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის საზოგადოებრივი სარგებლობის მომსახურების (ΥΚΩ) ძირითადი გადასახადი 50%-ით შემცირდება – 6,9 ევროდან 3,45 ევრომდე მეგავატსაათზე.
ცვლილება დაახლოებით 6 მილიონზე მეტ საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის აბონენტს შეეხება.
2027 წლის იანვრიდან ამოქმედდება ახალი საბინაო პროგრამა „Σπίτι μου III“, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მილიარდი ევროა.
მიზანია დაახლოებით 40 000 ახალგაზრდა წყვილს დაეხმაროს პირველი საცხოვრებლის შეძენაში შეღავათიანი იპოთეკური სესხებით. მთავრობის მიზანია, რომ სესხის ყოველთვიური გადასახადი შესაბამისი საცხოვრებლის ქირაზე ნაკლები იყოს.
პროგრამის ასაკობრივი, შემოსავლებისა და ქონების ღირებულების ზუსტი კრიტერიუმები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენას.
უძრავი ქონების გადაცემის გადასახადი 3%-დან 15%-მდე გაიზრდება მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მთავრობის განცხადებით, მიზანია უცხოელი მყიდველების მხრიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება და ბერძენი ოჯახებისთვის სახლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
მაგალითად, 300 000 ევროს ღირებულების უძრავ ქონებაზე გადასახადი:
- ადრე – 9 000 ევრო;
- ახალი წესით – 45 000 ევრო.
500 000 ევროს ღირებულების ქონებაზე კი გადასახადი 15 000-დან 75 000 ევრომდე გაიზრდება.
