Latest news
კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა კრეტა: მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა ათენი: 15 არასრულწლოვანი ორ 18 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა სასულიერო პირი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე დააკავეს საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს - სად არის მოსალოდნელი თოვლი საბერძნეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში დასახლებისთვის 10 000 ევროს დახ... სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება კიმბერლი გილფოილი: აშშ-ს ელჩის 11 თვიანი და 10 დღიანი მისიის დასასრული
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა

სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საბერძნეთში შენარჩუნებულმა უამინდობამ ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრობლემა გამოიწვია. თუმცა კუნძულებზე არსებული მცირე თუ დიდი ბიზნესი კვლავ ცდილობს, გზა გამონახოს მოგების მისაღებად და ტურისტებისთვის კომფორტული გარემო უზრუნველყოს ბუნების ძალების მიუხედავად და ზოგჯერ დასაქმებულების ღირსების შელახვის ხარჯზეც.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს კაფე-ბარის ორი მიმტანი ცოცხებით ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი წყლის ნაკადის შეკავებასა და მიმართულების შეცვლას, რათა სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ და ფეხები არ დაუსველდეთ. ერთი შეხედვით ეს მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების თავდადების მორიგი მაგალითია. თუმცა, თუ კადრებს ცოტა უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, მათ მიღმა კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ მომხმარებლის კომფორტი ხშირად უფრო პრიორიტეტული ხდება, ვიდრე იმ ადამიანის უსაფრთხოება და ღირსება, რომელიც ამ კომფორტს უზრუნველყოფს.

გავრცელებულ კადრებში ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ თანამშრომელი თითქოს აღარ აღიქმება ადამიანად, რომლის უსაფრთხოებაზეც დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს. ის გარდაიქმნება ფუნქციად, სამუშაო პროცესის ერთგვარ ინსტრუმენტად, რომელმაც მომსახურება ნებისმიერ ვითარებაში უნდა უზრუნველყოს. თითქოს წვიმა, ნიაღვარი და ფიზიკური საფრთხეც სამუშაო მოვალეობის ნაწილია, ხოლო სტუმრის ფეხების დასველება ბიზნესის დაუშვებელი მარცხი.

როგორც ჩანს, ზოგიერთ ბიზნესში მომხმარებლის კომფორტი იმდენად წმინდა ღირებულებაა, რომ მის დასაცავად თანამშრომელს შეუძლია თავად გახდეს ადამიანური დისკომფორტის ცოცხალი განსახიერება.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაფიქრებს საბერძნეთში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ეკონომიკურ მოდელზე, რომელშიც მოგებაზე ორიენტირებული მიდგომა ხშირად შრომის პირობებს, უსაფრთხოებასა და ადამიანურ ღირსებას მეორეხარისხოვან საკითხად აქცევს. ბიზნესის წარმატება ცხადია მოგებასაც გულისხმობს, მაგრამ პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც მოგების მიღება თვითმიზნად იქცევა, ხოლო მისი უზრუნველმყოფელი ადამიანი უბრალოდ ჩანაცვლებად რესურსად.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალური ხდება თანამედროვე მონობისა და შრომითი ექსპლუატაციის საკითხი. დღესდღეობით მონობა ჯაჭვებსა და ფიზიკურ იძულებას არ ნიშნავს. არსებობს ექსპლუატაციის ისეთი ფორმებიც, როდესაც ადამიანი ეკონომიკური გაჭირვების, უმუშევრობის, ვალების ან სამსახურის დაკარგვის შიშის გამო თანხმდება პირობებს, რომლებზეც თავისუფალ გარემოში არასოდეს დათანხმდებოდა.

Instagram-ზე გავრცელებული ვიდეო არც პირველია და არც უკანასკნელი სადაც გადის ზღვარი თავისუფალ შრომასა და ეკონომიკური იძულების პირობებში შესრულებულ შრომას შორის.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითქოს წარსულში დარჩენილი სოციალური უთანასწორობა, რომელიც ფორმალურად აღარ არსებობს ან თანამედროვე საზოგადოების თვითშეფასებაში უკვე დაძლეულად მიიჩნევა, ინსტაგრამზე გავრცელებული ვიდეოდან კვლავ გვახსენებს თავს. სოციალური იერარქია ყოველთვის აშკარა იძულებით ან ძალაუფლების პირდაპირი დემონსტრირებით არ ვლინდება. ზოგჯერ ის გაცილებით ყოველდღიურ და ერთი შეხედვით უწყინარ ფორმას იღებს: ვიღაც ზის და ისვენებს, ვიღაც კი მუშაობს იმისთვის, რომ სხვამ დასვენება შეუფერხებლად განაგრძოს მაშინაც კი, როდესაც გარემოებები მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

მომსახურების სფეროში ეს განსხვავება თავისთავად ბუნებრივია: მიმტანის საქმე სტუმრის მომსახურებაა. მაგრამ მომსახურების გაწევა არ ნიშნავს საკუთარი უსაფრთხოების უგულებელყოფის ვალდებულებას, ხოლო მომხმარებლის სტატუსი მას სხვა ადამიანის ღირსებაზე მაღლა არ აყენებს. სამწუხაროდ, მოგებაზე ორიენტირებულ სისტემაში ეს მარტივი ჭეშმარიტება ზოგჯერ ყველაზე რთულად დასაცავი აღმოჩნდება.

როდესაც თანამშრომელი მხოლოდ თავისი ფუნქციით ფასდება, ხოლო სტუმარი როგორც ადამიანი, რომლის სურვილებიც ნებისმიერ ფასად უნდა დაკმაყოფილდეს, ადამიანური უთანასწორობა უხილავ ნორმად იქცევა. ასეთ დროს ექსპლუატაციას აუცილებელი აღარ არის ძალადობის აშკარა ფორმა ჰქონდეს: საკმარისია, ყველამ საკუთარი როლი იმდენად ბუნებრივად მიიღოს, რომ აღარავინ იკითხოს, ვის უსაფრთხოებას, დროსა და ღირსებას ეწირება სხვისი კომფორტი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *