ღაზა: ისრაელის არმიამ ჰამასის პარლამენტი ააფეთქა
ღაზაში ჰამასის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ისრაელის სამხედროებმა ააფეთქეს შენობა, რომელშიც პარლამენტი იყო განთავსებული.
მოვლენების ასეთი განვითარება მოჰყვა ისრაელის არმიის განცხადებას, რომ მათ კონტროლს დაექვემდებარა მთავრობის შტაბი, ჰამასის პოლიციის შტაბი და საინჟინრო სკოლა, რომელიც გამოიყენება იარაღის წარმოებისა და გავრცელებისთვის.
„ღაზაში არ არის ადგილი,სადაც „ისრაელი ვერ შეაღწევს, არც დასამალი, არც სამალავი“ – ეს იყო ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვები ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის არმიის შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
“ჩვენ მოვალთ და გავანადგურებთ ჰამასს და დავაბრუნებთ მძევლებს, რადგან ეს არის ორი წმინდა მისია. ჰამასის მკვლელებისთვის თავშესაფარი არ არსებობს“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის ოპერაცია აჩენს შეშფოთებას ათასობით დევნილი პალესტინელის ბედთან დაკავშირებით, რომლებმაც თავი შეაფარეს სამედიცინო დაწესებულებას.
ამავდროულად, ღაზას სექტორში, ალ შიფას ჰოსპიტალში მიმდინარეობს ისრაელის არმიის ოპერაცია. ექიმები მუდმივ მოწოდებებს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და პაციენტების დასაცავად, რადგან ჯანდაცვის დაწესებულება ამჟამად ელექტროენერგიის, წყლისა და ჟანგბადის გარეშეა.
გაეროს შეფასებით, ჰოსპიტალში, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი და საუკეთესოდ აღჭურვილი საავადმყოფოა, იმყოფება დაახლოებით 2300 ადამიანი, პაციენტი, პერსონალი და სამოქალაქო პირი, რომლებმაც იქ შეაფარეს თავი.
ისრაელის ჯარებმა იპოვეს იარაღი და „ტერორისტული ინფრასტრუქტურა“ ღაზას სექტორში, ალ-შიფას ჰოსპიტალში მიმდინარე რეიდის დროს, განაცხადა დღეს სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, საავადმყოფოს შიგნით არ მომხდარა დაპირისპირება მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები იქ ღამით მივიდნენ და არ ყოფილა შეტაკება სამედიცინო პერსონალთან ან პაციენტებთან, რომლებიც მისი თქმით, კომპლექსის სხვა ნაწილში იმყოფებოდნენ.
