მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ
მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ
უფროდაუფრო ხშირად ვხვდებით ქალებს პროფესიებში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში “კაცის საქმედ” ითვლებოდა.
სწორედ ეს ქალები ამტკიცებენ პრაქტიკაში, რომ შესაძლებლობებს სქესი არ აქვს.
პორტებში, გემის გემბანებსა და მანქანებით სავსე პანდუსებში, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ, მარია კაისი და მართა ხიოტი საკუთარ ისტორიას წერენ და ერთ-ერთ ყველაზე გაბატონებულ პროფესიულ სტერეოტიპს ანგრევენ.
ღირებულებები და შრომისუნარიანობა სქესით არ განისაზღვრება. ამგვარად, მამაკაცებით დომინირებულ სამუშაო გარემოში, 2 ქალი არა მხოლოდ მრავალი წლის განმავლობაში თანაბარ პირობებში მუშაობს, არამედ მათი მამრობითი სქესის წარმომადგენელი კოლეგების პატივისცემაც დაიმსახურა, რითიც პრაქტიკაში დაამტკიცა, რომ საზოგადოების მიერ ქალებისთვის ხშირად დაწესებული საზღვრები გაცილებით ვიწროა, ვიდრე ის, რისი გადალახვაც მათ შეუძლიათ.

29 წლის მარიამ 8 წელზე მეტი გაატარა ტანკერებზე, 3 კონტინენტზე იმოგზაურა და თვეები გაატარა ზღვაში ხმელეთზე ფეხის დაუდგმელად. დღეს კი სალონიკის პორტში დისპეჩერის პოზიციაზე მუშაობს და კოორდინაციას უწევს მანქანა-დანადგარების, სატვირთო მანქანების და კონტეინერების გადაადგილებას. მარია აღნიშნულ პოზიციაზე ერთადერთი ქალია.

მართა ხიოტის ოცნება არასდროს ყოფილა ემუშავა პორტში. სუპერმარკეტის სალაროდან პორტამდე გზა მისი მეუღლის ინიციატივით გაიარა, რომელმაც მართას CV გაგზავნა ღია ვაკანსიაზე და მართაც მალევე აიყვანეს სამსახურში. საწყის ეტაპზე მართა 50 კაც თანამშრომელს შორის მოხვდა. მან რამდენიმე პოსტზე იმუშავა როგორიც იყო: საკაბელო კავშირები, საკრუიზო გემებზე მგზავრების ბარგის კონტროლი, საკრუიზო გემების კვების სექტორი. ის რაც არასდროს ავიწყდებოდა იყო მზისგან დამცავი კრემი, რომელიც მის განუყრელ მეგობრად იქცა.
ბოლოს კი ავტომობილების დამუშავების სექტორში გადაიყვანეს, რადგან მას სწორედ ამ განხრით ჰქონდა სწავლა-განათლება მიღებული და ამ დრომდე ამ სექტორში მუშაობს.
მართასთვის და მარიასთვის ქალთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ სიმბოლური დანიშნულება არ აქვს, ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, რომ გცემდნენ პატივს, გისმენდნენ, გიყურებდნენ როგორც თანასწორს და თვლიდნენ, რომ არ გეშინია გამოწვევების.
