ტრაგედია, რომელმაც საზოგადოება შეძრა – რა გახდა 17 წლის გოგონების თვითმკვლელობამდე მისვლის მიზეზი
ტრაგედია, რომელმაც საზოგადოება შეძრა – რა გახდა 17 წლის გოგონების თვითმკვლელობამდე მისვლის მიზეზი
ორი 17 წლის სკოლის მოსწავლის თითქმის ერთობლივმა თვითმკვლელობის მცდელობამ საზოგადოება შეძრა. შემთხვევა იმდენად მძიმე და მტკივნეულია, რომ ბევრისთვის მისი დაჯერებაც კი რთულია. ერთ-ერთი გოგონა დაიღუპა, ხოლო მეორე სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებს ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, გოგონები ხელჩაკიდებული გადახტნენ სახურავიდან. გადახტომის გადაწყვეტილების მიღებამდე სახურავზე ერთად ავიდნენ, მუსიკის ფონზე მიიღეს ალკოჰოლური ნივთიერება და დაწერეს წერილები. აღნიშნული დეტალები ბადებს ეჭვს, რომ ისინი თითქოს ერთმანეთს ამხნევებდნენ, რათა უკან აღარ დაეხიათ და განზრახვა სისრულეში მოეყვანათ.
დღემდე უცნობია თუ რამდენხანს ფიქრობდნენ ისინი ამ ნაბიჯის გადადგმაზე, როდის მიიღეს გადაწყვეტილება და რეალურად რა გახდა მიზეზი. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, წერილებში საუბარია დეპრესიაზე, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მათი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოზარდობის ასაკში ემოციური კრიზისი, იდენტობის ძიება, შფოთვა და მომავლის შიში ხშირად მძაფრად ვლინდება. განსაკუთრებულ ზეწოლას ქმნის საგანმანათლებლო გარემოც: გამოცდები, მაღალი მოლოდინები, კონკურენცია და მშობლების ან საზოგადოების მხრიდან მუდმივი მოთხოვნები. საბერძნეთში, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, უნივერსიტეტში ჩაბარება ხშირად აღიქმება როგორც ცხოვრების მთავარი მიზანი, რაც მოზარდებზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონები წელს ეროვნულ გამოცდებს არ აბარებდნენ, სავარაუდოდ ისინი უკვე გრძნობდნენ მომავალ წელს მოსალოდნელი გამოცდების შიშსა და სტრესს. სწორედ ეს შფოთვა შეიძლება გადაქცეულიყო მათთვის აუტანელ ემოციურ ტვირთად.
ამასთან, ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მათი ოჯახური გარემოს, სოციალური ურთიერთობებისა და პირადი ცხოვრების შესახებ. ასევე უცნობია, ჰქონდათ თუ არა მათ მანამდე ვინმესთვის გაზიარებული საკუთარი მძიმე ფიქრები.
ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანები, რომლებიც სუიციდზე ფიქრობენ, ხშირად პირდაპირ არ აფრთხილებენ გარშემომყოფებს. ზოგჯერ ისინი მხოლოდ ბოლო მომენტში ან ირიბი ნიშნებით გამოხატავენ შინაგან ტკივილს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა, სკოლამ და მეგობრებმა მეტი ყურადღება მიაქციონ მოზარდების ემოციურ მდგომარეობას, ქცევის ცვლილებებს, იზოლაციას, უიმედობის განცდას და ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებას.
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ საბერძნეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები სკოლაში მივიდნენ. ამოქმედდა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სპეციალური პროგრამა, ხოლო სამინისტრომ საზოგადოებას მოუწოდა, მომხდარი მაქსიმალური სიფრთხილითა და მგრძნობელობით განიხილონ, სრული პატივისცემით ოჯახების, ბავშვებისა და სკოლის საზოგადოების მიმართ.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ღია კომუნიკაცია, ემოციური მხარდაჭერა და პროფესიონალური დახმარების დროული აღმოჩენა.
