მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხანძრის პრევენციის შესახებ
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხანძრის პრევენციის შესახებ
ზაფხულის დაწყებასთან ერთად ხანძრის გაჩენის საშიშროება საბერძნეთში უფროდაუფრო იმატებს.
მოქალაქეთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საბერძნეთის კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ დაიწყო ახალი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ტყის ხანძრების პრევენციასა და მათი გავრცელების თავიდან აცილებას ემსახურება. კამპანია ხორციელდება მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სეზონის ფარგლებში.
სამინისტროს განცხადებით, კამპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მიწის ნაკვეთებისა და ღია სივრცეების გაწმენდაზე. კერძოდ, გამხმარ ბალახზე, ტოტებსა და ნარჩენებზე, რომლებიც ხანძრის გავრცელებისთვის ერთგვარ „საწვავად“ იქცევა. რეგულარული დასუფთავება ამცირებს ე.წ. საწვავი მასალის რაოდენობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხანძრის გაჩენისა და გავრცელების რისკს.
საინფორმაციო გზავნილები ვრცელდება როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ისე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.
კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტრო მოქალაქეებსა და პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ უსაფრთხოების ზომების განხორციელებაში. სამინისტროს თქმით, ეს არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ პასუხისმგებლობის გამოხატულება ადამიანების სიცოცხლის, ქონებისა და ბუნებრივი გარემოს დასაცავად.
ასევე შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამუშაოების დასრულებისა და შესაბამის პლატფორმაზე პასუხისმგებლობის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი. გარდა ამისა, ტერიტორიების მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია მთელი ხანძარსაწინააღმდეგო სეზონის განმავლობაში, რომელიც 31 ოქტომბრამდე გრძელდება.
